
მსოფლიოში არსებული პანდემიური სიტუაციის გამო ახალი სასწავლო წელი საქართველოს დიდ ქალაქებსა და სოფლების ნაწილში ონლაინ რეჟიმში დაიწყო.
დღეს, 1-ელ ოქტომბერს, I-VI კლასელებისთვის კი სკოლის კარი გაიღო და მათ უკვე შეუძლიათ სწავლა საკლასო ოთახებში გააგრძელონ.
ახალი სასწავლო წელი მშობლების და მოსწავლეებისთვის საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა.
„პრაიმტაიმი“ მოსწავლეებსა და სტუდენტებს გაესაუბრა: აი, როგორი განწყობა აქვთ მათ და რას ფიქრობენ კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობაზე.
იოანე ჟვანია, ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე:

– დილით ჩვეულებრივ მივედით სკოლაში. ჩვენ პირბადეები არ გვეკეთა, მხოლოდ მასწავლებლებს ეკეთათ. სკოლის დერეფანში, კედელზე იყო დაკიდებული სადეზინფექციო სხნარი და მასწავლებელმა გვითხრა, რომ ყოველ შესვენებაზე ხელებზე უნდა დაგვესხურებინა. მასწავლებლის მითითებებს ვასრულებდით. დერეფანში ისრები იყო დახატული, როგორ უნდა გვემოძრავა ბავშვებს და ადრე რომ ვთამაშობდით და ერთმანეთს ვეჭიდავებოდით, ახლა ასე აღარ ვიქცეოდით, დისტანციას ვიცავდით.
– იცი, COVID-19 რა არის?
– დიახ, ვიცი, ეს არის ვირუსი და თუ ვინმეს შეხვდა, ჯერ გახდება ავადმყოფი და მერე შეიძლება მოკვდეს.
– გინდოდა სკოლაში სიარული თუ დისტანციურად გერჩივნა სწავლა?
– დიახ, ძალიან მინდოდა სკოლაში მისვლა. გაზაფხულზე ონლაინ გაკვეთილები რომ გვიტარდებოდა, ეგ არ მომწონდა, ბავშვებთან მინდოდა და ახლა გამიხარდა, რომ სკოლაში უნდა ვიარო.
მარიამ ლომუაშვილი, ხაშურის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე:

– დღეს სკოლაში რომ მივედით, სიცხე გაგვიზომეს და ხუთ-ხუთი ბავშვი შეგვიშვეს. ბავშვები ვცდილობდით, რომ დისტანცია დაგვეცვა და მასწავლებელმა რაც გვითხრა, ყველა მოთხოვნა შეგვესრულებინა.
სკოლაში იყო დეზობარიერიც და სადეზინფექციო სითხეც.
არ მინდოდა, რომ დისტანციურად გვესწავლა, სკოლაში სიარული მირჩევნია.
„კოვიდის“ შესახებ ის ვიცი, რომ არის ვირუსი და საშიშია, რადგან იწვევს სუნთქვის გაძნელებას, ფილტვების პრობლემას და ადამიანს აქვს მაღალი სიცხე.
საბა ლაბაძე, ლაგოდეხის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე:

– სკოლაში გავიარეთ თერმოსკრინინგი. მასწავლებლები პირბადეებით იყვნენ, კლასში გვაქვს დეზინფექციის საშუალებები.
ბავშვები ვიცავთ დისტანციას. წინა წელთან შედარებით ის განსხვავებაა, რომ მასწავლებლები ჩვენთან ახლოს არარ მოდიან და მშობლებს სკოლის შენობაში არ უშვებენ.
გვაქვს მკაცრი კონტროლი, მაგრამ მაინც კარგია, რომ სკოლაში დავდივართ და დისტანციურად არ ვსწავლობთ, რადგან დისტანციური სწავლება არაფრის მომტანია.























