
16:41 | 2020-09-27
ასპინძაც „გაწითლდა“ – მუნიციპალიტეტმა მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა

ასპინძაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში, ექთანს COVID-19 დაუდასტურდა. მას აჭარის რეგიონში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამის გამო, სოფელში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა.
„ექთანი ქალი აჭარიდან ჩამოსულა, მაგას დაუდასტურდაო. წუხელ ღამის 12-დან პოლიცია დადგა სოფლის შემოსასვლელში, არც ჩვენ გვიშვებენ სოფლიდან და არც სხვას უშვებენ აქ. შემოწმებაზე ჯერ არავინ მოსულა”, – გვითხრა ადგილობრივმა.
ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მზია პაპაშვილის თქმით, მიმდინარეობს ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების მოკვლევა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.
ავტორი: რუსკა გვარამაძე























