
კახეთში დღეს კორონავირუსის ოთხი შემთხვევა დადასტურდა, აქედან სამი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, კორონავირუსმა წნორის მოხუცთა თავშესაფარში შეაღწია.
თავშესაფარ „ბეთელში” დღეს ტესტირების პასუხები მიიღეს, საიდანაც ერთ-ერთი, 79 წლის მოხუცის პასუხი კოვიდდადებითი აღმოაჩნდა.
თავშესაფრის ხელმძღვანელი, ილია დემეტრაშვილი „პრაიმტაიმთან” ადასტურებს, რომ ვირუსზე გეგმიური ტესტირების შედეგად Covid-19 ერთ-ერთ ბენეფიციარს დაუდგინდა, თუმცა ინფიცირების წყარო მისთვის უცნობია.
„ვადასტურებ ინფორმაციას, რომ ჩვენს 79 წლის ბენეფიციარს Covid-19 დაუდასტურდა. ის სპეციალურმა სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. ვირუსი უსიმპტომოდ მიდიოდა, რომ არა გეგმიური ტესტირება, ვერ გავიგებდით, რომ დაწესებულებაში ინფიცირებული გვყავდა. ვვარაუდობთ, რომ ტესტი შეცდა.
„ბეთელში” 22 ხანდაზმული ბენეფიციარი გვყავს. ვირუსი სხვა არცერთ ბენეფიციარს და არცერთ თანამშრომელს არ აღმოაჩნდა.
ახლაც საკარანტინო რეჟიმში ვართ და ამ შემთხვევის გამოვლენამდეც ერთი კვირა კარანტინი გვქონდა გამოცხადებული.
ინფიცირებული მოხუცი თავშესაფართან ახლოს მდებარე მაღაზიაში იშვიათად გადიოდა. ვისთან შემხებლობას უკავშირდება ამ ადამიანის დაინფიცირების შემთხვევა, ჩვენთვის უცნობია.
არ მაქვს ინფორმაცია, რომ წნორში სხვა ადგილობრივი იყოს ინფიცირებული, რომელიც ამ ვირუსს გაავრცელებდა და გადაედებოდა ჩვენს ბენეფიციარს”, – ამბობს ილია დემეტრაშვილი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























