12:27 | 2020-09-29 ავტორი: Prime Time

გაინტერესებთ, რატომ აღარ თოვს თბილისში? – როგორ შეიცვალა ზამთარი დედაქალაქში

გაინტერესებთ, რატომ აღარ თოვს თბილისში? – როგორ შეიცვალა ზამთარი დედაქალაქში

თბილისში ბევრს ახსოვს უხვთოვლიანობა… წლების წინ, ყოველ ზამთარს დედაქალაქში საკმაოდ დიდი თოვლი მოდიოდა… ქუჩებში ხშირად ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელი ხდებოდა და გზებზე ძირითადად ბავშვები გუნდაობდნენ, ან ციგაობდნენ.

 

უკვე დიდი ხანია თბილისში ასეთი თოვლიანობა არ ყოფილა… რატომ დაგვივიწყა თოვლმა დედაქალაქში? რა არის ამის რეალური მიზეზი?

 

სვეტლანა ნიორაძე, ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი:

 

„ბოლოს ყველაზე უხვთოვლიანი ზამთარი თბილისში იყო 1988 წელს, როდესაც თოვლის საფარმა 44 სანტიმეტრს მიღწია. შემდეგ იყო 1996-97 წლებში ასევე საკმაოდ ცივი ზამთარი.

 

ბოლო დროს ძალიან აქტუალური თემაა – რატომ არ თოვს თბილისში. ზოგადად, კავკასიას, ხან სამხრეთ დასავლეთიდან, ხან ჩრდილო აღმოსავლეთიდან უვლიან ციკლონები. თოვს მთაში, მაღალ მთაში, მაგრამ თბილისში არ თოვს. უბრალოდ ვერ აღწევს ჩვენამდე.

 

ამას მე მაინც ვუკავშირებ ატმოსფეროში განვითარებულ პროცესებს. და რა თქმა უნდა, თავისთავად ეს უკავშირდება გლობალურ დათბობას, თუმცა სპეციალისტები თვლიან, რომ საქართველოში გლობალური დათბობა აისახება ზაფხულზე და არა ზამთარზე, ანუ ზაფხული ხდება უფრო ცხელი, ვიდრე აქამდე იყო. რაც შეეხება ზამთარს, არსებობს რაღაც ციკლები, გარკვეული წლების შემდეგ განმეორება ხდება. ასე რომ, არ უნდა დავკარგოთ იმედი, რომ თბილისში თოვლი კვლავ მოვა“.

ავტორი: Prime Time

X