
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის, ელენე ბაშარულის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის #16 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოხატავს მე-11 კლასის მოსწავლე ელენე ბაშარულის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს საოცრად თბილი, მოსიყვარულე, ღიმილიანი გოგონას გასვლას წუთისოფლიდან. ვუსამძიმრებთ საზოგადოებას კიდევ ერთი შვილის დაკარგვას.
ელენე, გვიყვარხარ და უსაზღვროდ მოგვენატრები ! გვტკივა..“, – ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, წუხელ საზარელი ავარია მოხდა. 16 წლის გოგონა, რომელიც ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა, მანქანა დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად ადგილზევე დაიღუპა ძაღლიც.
თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საჭესთან ქალი იჯდა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი გახლდათ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც უკვე დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
























