
მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს იმისთვის, რომ თბილისში არ დაიწყოს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დიდი რაოდენობით მატება,-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ყველაზე მთავარია ის, რომ მოიმატა თბილისში ინფიცირების შემთხვევებმა. რა თქმა უნდა, ყველა რეგიონს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ მოსახლეობის სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება აქ ხდება, ძალიან გვჭირდება სიფრთხილე, იქნებ როგორმე გადავურჩეთ ძლიერ დატვირთვას და ბევრი რაოდენობით ინფიცირებულის გამოვლენას“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9248 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულია 4887 ადამიანი, 58 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1 100, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.























