
თბილისში, „მწვანე სკოლის“ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ სკოლის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
სკოლაში განმარტავენ, რომ საუბარია მე-12 კლასის მოსწავლეზე, რომელიც სასწავლო პროცესში ონლაინ-მეთოდით იყო ჩართული და უშუალოდ სკოლასთან შეხება არ ჰქონია.
„მწვანე სკოლაში“ გვითხრეს, რომ მათთან საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი მხოლოდ 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით აღდგა. ინფიცირების შესახებ მშობელმა კლასის დამრიგებელს აცნობა.
სკოლის ინფორმაციით, ბავშვი თავს კარგად გრძნობს, გართულებები არ აღენიშნება და მკურნალობის კურსს გადის.
კორონავირუსი თბილისის 21-ე საჯარო სკოლაშიც დაფიქსირდა. ინფიცირებულია პირველკლასელი.
სკოლის დირექტორის თქმით, პირველკლასელი სკოლაში ბოლოს პარასკევს იყო. მისი თქმით, სასწავლო დაწესებულებაში ლოკალურად ტარდება დეზინფექცია, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი კი არ შეწყდება და მასწავლებლები სკოლაში მივლენ, თუმცა ადმინისტრაციამ მშობლებს განუმარტა შექმნილი ვითარება და შესთავაზა, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, გაუშვებენ თუ არა ბავშვებს სკოლაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9248 შემთხვევაა დადასტურებული,
გამოჯანმრთელებულია 4887 ადამიანი, 58 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდსასტუმროში – 1 100, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.























