19:14 | 2020-03-19 ავტორი: თათია ცუკოშვილი

სავაჭრო ცენტრებში განთავსებული 40-მდე მაღაზია დროებით იხურება

სავაჭრო ცენტრებში განთავსებული 40-მდე მაღაზია დროებით იხურება

2020 წლის 19 მარტიდან 2020 წლის პირველ აპრილამდე სავაჭრო ცენტრებში განთავსებული 40-მდე მაღაზია დროებით იხურება,- ამის შესახებ ქართული საცალო ბიზნესის ასოციაციის საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული.

 

„გვინდა, მოგახსენოთ, რომ ჩვენი კომპანიები წარმოადგენენ და ოპერირებას უწევენ სავაჭრო ცენტრებში ან/და მოლებში განთავსებულ მაღაზიებს.

 

„ვითვალისწინებთ რა, რომ დღეის მონაცემებით ქვეყანა კორონავირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადავიდა. ვემორჩილებით რა საქართველოს მთავრობის სავალდებულოდ შესასრულებელ რეკომენდაციებს, თავი ავარიდოთ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს, ამასთან, ვიჩენთ რა მაღალ საზოადოებრივ პასუხისმგებლობას, გამომდინარე იქიდან, რომ სავაჭრო ცენტრები და მოლები და მათში განთავსებული ჩვენი ობიექტები წარმოადგენენ კორონავირუსის პოტენციურად გავრცელების კერას, მივიღეთ გადაწყვეტილება, შექმნილი ფორსმაჟორული გარემოებიდან გამომდინარე, 2020 წლის 19 მარტიდან, 2020 წლის პირველ აპრილამდე დროებით დავხუროთ სავაჭრო ცენტრებში განთავსებული ჩვენი ყველა სავაჭრო ობიექტი.

 

ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, რაც მოსალოდნელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და სავაჭრო ცენტრების დროებითი დახურვის წანაპირობას წარმოადგენს.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვთქვამთ აუცილებელ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ სახელმწიფოს ორგანოებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ არსებული რთული ვითარებიდან.

 

ამავე დროს, მნიშვნელოვანი იქნება როგორც ფინანსური ინსტიტუტების (ბანკების), ასევე სავაჭრო ცენტრებისა და სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერა და პროცესების ერთობლივი კოორდინირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მაღაზიებს შორის, რომლებიც დროებით იხურება, არის: „ვაიკიკი“, „ოვსი“, „ტერანოვა“, „პენტი“, „მატალანი“, „კოლეზიონე“, „ბატა“, „ეკო“, „ჯეოქსი“, „კორსო იტალია“, „ოკაიდი“, „ჯაკადი“, „პარფოისი“, „ავ ლაბი“, „ლევისი“, „ლი“, „ლაკოსტი“, „გესი“, „მავი“, „ფექტორი“, „ატრიო“, „კიდს გალერი“, „ზარა“, „ბერშკა“, „პულ ენდ ბეარი“, „მასიმო დუტი“, „კოტონი“, „ნორს ფეისი“, „ტიმბერლენდი“, „დიზელი“, „მაგელანი“, „მინიო“, „ართ თაიმი“, „ვაბენე“, „ტრუსარდი“, „ბენე შუზი“, პულ ლავი“, „კელვინ კლაინი“, „ბოგი მილანო“.

 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

 

შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

 

აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X