
დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომაროების გამოცხადების საკითხიც განიხილეს.
„დღეის მდგომარეობით, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღებას, შემდგომ აღსრულებას.
ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მასზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და როგრც კი ჩვენი მედიკოსები, ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შემდგომი შეჩერების მიზნით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვტილებას მივიღებთ,- განაცხადა პრემიერმა.
რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან
19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 40 ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვია.
დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 592 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს.
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.
ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.
ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 99 ადამიანი.
ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისადა თვითიზოლაციისწესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება
ასევე საინტერესოა: კორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები






















