
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებმა თბილისში და ბათუმში რელიგიურ საბჭოებთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ლოცვების ჯგუფურად შესრულების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით შეხვედრები გამართეს.
შეხვედრაზე შეკრებილ სასულიერო პირების და თეოლოგების მოსაზრებების გათვალისწინებით მიმდინარე წლის 19 მარტს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებმა საბოლოო განცხადება გააკეთეს:
„იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სერიოზული საფრთხე დგას, ამავე დროს, მსოფლიოს მუსლიმური ქვეყნების უმრავლესობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვიღებთ გადაწყვეტილებას დროებით შეჩერდეს მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვა. ვინაიდან ისლამის მიხედვით, პარასკევის ლოცვა მხოლოდ მეჩეთებში ჯამაღეთით სრულდება, აღნიშნული ლოცვის ვალდებულება ეკისრება პირს, თუ ის გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს.
მათ შორის: პიროვნება უნდა იყოს თავისუფალი. მაგალითად, პატიმარს ან მოცემულ შემთხვევაში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანს პარასკევის ლოცვის ვალდებულება არ ეკისრება. ასევე, ადამიანის ქონებას, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს. ვინაიდან ახალი კორონა ვირუსის გავრცელება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს, ზემოთ ხსენებული ლოცვების ჯამაღეთით შესრულების ვალდებულება დროებით მოხსნილია. ამ შემთხვევაში პარასკევის ლოცვის ნაცვლად, საკუთარ სახლებში შუადღის ლოცვა შესრულდება.
2. მეჩეთებში გაგრძელდება ეზნის კითხვა და ღია დარჩება ლოცვის ინდივიდუალურად შესრულების მსურველთათვის. აქვე, საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს მოგიწოდებთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვიყოთ ოპტიმიზმით განწყობილი და არ ჩავვარდეთ პანიკაში, სრულად დავიცვათ ჯანდაცვის ორგანოების მიერ გაცემული რეკომენდაციები და მივენდოთ ღმერთს. ახსოვდეს ყველას, რომ მხოლოდ მტკიცე რწმენითა და ოპტიმიზმით შევძლებთ სიძნელეებზე გამკლავებას.
ვილოცოთ ყველამ ამ სირთულიდან თავის დაღწევისა და თითოეული სნეულის მალე გამოჯანმრთელებისთვის. კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფებს კი ვუსურვებთ გამძლეობას და მოთმინებას. შევთხოვთ დიად გამჩენს მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა მსგავსი უბედურებებისა და ეპიდემიებისგან დაიფაროს. აამიინ!
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერები: მუფთი ჰაჯი ადამ შანთაძე, შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი, მუფთი ჰაჯი იასინ ალიევი“, – ნათქვამია განცხადებაში.






















