
იურისტი მიხეილ ბენიძე ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას მიმოიხილავს და რეკორდულ მაჩვენებელს, რომელიც დღეს დაფიქსირდა (958), ერთ მილიონ მოსახლეზე აშშ-ს, ინდოეთსა და ბრაზილიის რეკორდულ მაჩვენებლებს ადარებს. ბენიძის თქმით, ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველოს რეკორდული მაჩვენებელი ბევრად მეტია, ვიდრე აშშ-ს, ინდოეთის და ბრაზილიის.
„დღევანდელი მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის გავრცელების ტოპ სამ ქვეყანას რომ შევადაროთ – მილიონ მოსახლეზე გაანგარიშებით ეს იგივეა, რომ:
- აშშ-ში ერთ დღეში იყოს 79,500-ზე მეტი შემთხვევა.
- ინდოეთში დღეში იყოს 332,500-ზე მეტი შემთხვევა.
- ბრაზილიაში დღეში იყოს 51,000-ზე მეტი შემთხვევა.
თუ სტატისტიკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ:
- აშშ-ში ყველაზე მეტი შემთხვევა იყო 24 ივლისს – 78,941
- ინდოეთში ყველაზე მეტი შემთხვევა იყო 16 სექტემბერს – 97,859
- ბრაზილიაში ყველაზე მეტი შემთხვევა იყო 29 ივლისს – 70,689.
ანუ დღეს საქართველოში დაფიქსირებული მონაცემი აშშ-ს პიკის მონაცემს აჭარბებს, ინდოეთის პიკის მონაცემზე 3.3-ჯერ მეტია და ბრაზილიის პიკის მონაცემს დაახლოებით 1.3-ჯერ ჩამორჩება. ეს იმ ფონზე, როცა ბოლო დღეებში ტესტების რაოდენობამ იკლო, ხოლო გატესტილთა შორის კოვიდ-დადებითების პროცენტმა იმატა.
მგონი, ვირუსის გავრცელების ძალიან ცუდ ფაზაში ვართ და ამ საგანგაშო სტატისტიკას მოახლოებული არჩევნების ფონზე იგნორირებას ვუკეთებთ.
რეალურად, არჩევნების დღეს ამომრჩეველს ძალიან ცუდი დილემის წინაშე ვაყენებთ – დემოკრატია თუ ჯანმრთელობა – მივიდეს არჩევნებზე და გამოიყენოს ქვეყნის მართვაში მონაწილოების საკუთარი დემოკრატიული უფლება, თუ გაუფრთხილდეს საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მგონი, მოსახლეობის ამ არჩევანის წინაშე დაყენება არაგონივრულია.“, – წერს მიხეილ ბენიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის რეკორდული 958 შემთხვევა დაფიქსირდა.























