
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ზუგდიდში მომხდარ ამბავს ეხმაურება. როგორც იგი ამბობს, ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ სისტემა სეიოზულ კრიზისშია და კრიმინალი დაბრუნდა.
„კაცმა დაგეგმა სპეცოპერაცია, გაძარცვა ბანკი, უმსხვერპლოდ მიაღწია მიზანს და ტყეში მიიმალა. ხელისუფლება ამბობს, რომ დაგეგმა წარმატებული სპეცოპერაცია და უმსხვერპლოდ გაანთავისუფლა მძევლები.
რომელია სიმართლე? ორივე სწორია. პოლიციელი, რომელიც დამატებით მძევლად აიყვანა ტერორისტმა, ქების ღირსია. ექსცესების გარეშე დაამთავრა ოპერაცია. ვისაც უფროსობა ფულის მიტანას დაავალებდა, ყველა ამ დღეში აღმოჩნდებოდა ანუ სიცოცხლის რისკის ქვეშ ერთის მხრივ და სახელის და დიდების-მეორეს მხრივ.
მომხდარი ფაქტის მთლიანი სურათი რაზე მეტყველებს? იმაზე, რომ სისტემა არის სერიოზულ კრიზისში, რომ დაბრუნდა კრიმინალი თავისი მრავალფეროვნობით. ისეთ რამეს შევესწარით, რაც მხოლოდ ფილმებში გვინახავს. ჰო და, ამათ ხელში რაც გვინახავს, კიდევ ვნახავთ. ეს უკვე ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, ანუ არჩევნებზე.
ვახდენ თუ არა კონკრეტული დანაშაულის, „რომელიც ყველგან შეიძლება მომხდარიყო“ პოლიტიზებას? დიახ. ეს არაა მხოლოდ კრიმინალური საქმე, ესაა პოლიტიკურიც, რადგან ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია ის უმძიმესი ვითარება, რომელიც არის ყველა სფეროში, მათ შორის დანაშაულის (აგერ უკვე ეგზოტიკუტისაც) ზრდის კუთხითაც“,- წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ შენობაში გუშინ, 21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა.
04:13 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა.
გათავისუფლებულმა მძევალმა ლაშა შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ყველა მათგანი ერთდროულად გაათავისუფლა. მძევლები თავს კარგად გრძნობენ.
























