
ზუგდიდში 7-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ 43-ვე მოქალაქე, რომელიც მძარცველმა მძევლად აიყვანა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლდა. რაც ყველაზე მთავარია, თითოეული მათგანი საკუთარ სახლს უვნებლად დაუბრუნდა.
გააკეთა თუ არა სახელმწიფომ თავისი მაქსიმუმი და იყო თუ არა ეს წარმატებული სპეცოპერაცია – ამაზე ექსპერტებს მეტ-ნაკლებად იდენტური მოსაზრებები აქვთ.
მამუკა არეშიძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა სპეცოპერაციას თავი კარგად გაართვა და მისი ჩართულობა აუცილებელი იყო.
„ასეთ ოპერაციებში შინაგან საქმეთა მინისტრის უშუალო ჩართვა ძალიან კარგი და აუცილებელია. მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, მით უმეტეს, პატარა ქვეყნებში. ვფიქრობ, გომელაური ძალიან სწორად მოიქცა. იმ რეზულტატით რაც მივიღეთ – ადამიანები ცოცხლად გადარჩენენ – ეს დადებითია. თუმცა, ამ კუთხით გომელაურისა და მისი უწყების საქმიანობა არ დამთავრდება მანამ, სანამ დამნაშავე იქნება თავისუფალი. ეს მათი პრესტიჟია.
ეს იყო სპეცოპერაცია, როცა მძევლების სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდა“, – ამბობს არეშიძე.
ამირან სალუქვაძის შეფასებით კი, სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, თუმცა არა მაქსიმუმი.
„მაქსიმუმი არის მაშინ, როდესაც დაკავებულია ბოროტმოქმედი. პირველ რიგში, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მძევლების, ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მაქსიმუმია გაკეთებული. აქვე უნდა აღინიშნოს სამხარეო პოლიციის უფროსის სამაგალითო საქციელი, პირადი მამაცობა.
სამართალდამცველებს გარკვეული ხელჩასაჭიდი უკვე უნდა ჰქონდეთ, რაც ადრე თუ გვიან მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ეს პირი დააკავონ და სასამართლოს წინაშე წარსდგეს“, – ამბობს ამირან სალუქვაძე.
„ასეთ დროს სპეცოპერაციის მთავარი ამოცანა ადამიანების სიცოცხლე, მძევლების უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობაა. ეს იყო ტაქტიკური წარმატება – ძირითადი ამოცანა შესრულებულია. იმისთვის, რომ ამ სპეცოპერაციას წარმატებული ვუწოდოთ, ამას ძალიან ბევრი კომპონენტის დაკმაყოფილება სჭირდება. მძევლების გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ერთ-ერთი კომპონენტია, მეორეა დამნაშავის დაჭერა, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, როგორ მუშაობდა მედია, გარე პირები და ა.შ. თუმცა, ახლა ყველაზე მთავარია დამნაშავის დასჯა, რადგან კრიმინალური მაჩვენებელი ქვეყანაში არ გაიზარდოს“, – ამბობს ექსპერტი ლაშა პატარაია.
„ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ასევე მიესალმება შსს-ს გადაწყვეტილებას, რომ სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენეს მოქალაქეების უსაფრთხოება.
„უპირველეს ყოვლისა, EMC სოლიდარობას უცხადებს ინციდენტში მონაწილე მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს; აგრეთვე აფასებს სამართალდამცავების მიერ გაწეულ ძალისხმევას, რათა მძევლად აყვანილი თითოეული მოქალაქე უვნებლად და მშვიდობიანად გადარჩენილიყო. მისასალმებელია, რომ სახელმწიფომ ამ ინციდენტში არჩევანი გააკეთა მძევლად აყვანილი მოქალაქეების სიცოცხლის სასარგებლოდ და არ გაზარდა მათი უსაფრთხოების ხელყოფის რისკები, დამნაშავის დაკავების ინტერესით. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ მსგავსი ექსტრემალური შემთხვევები სერიოზულ საფრთხეს უქმნის რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების განცდას და საზოგადოებრივ წესრიგს ქვეყანაში. შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, უმოკლეს დროში უზრუნველყოს თავდამსხმელის დაკავება და მის მიმართ სამართლებრივი პროცესების წარმართვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია:
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება წარიმართოს მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად. თავდამსხმელი პირის მიმართ პოლიციის მიერ გამოყენებული იყოს პროპორციული და გონივრული ძალა იმ დათქმით, რომ საფრთხე არ შეექმნება სამართალდამცავების თუ რიგითი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
შესაბამისმა ორგანოებმა და უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უზრუნველყოს მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირება გატარებული ღონისძიებების და გამოძიების მსვლელობის თაობაზე იმ დათქმით, რომ ამით გამოძიების ეფექტიანობას საფრთხე არ შეექმნება; აღნიშნულ შემთხვევაზე საზოგადოებაში მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, ამავდროულად, მსგავსი ფაქტები მნიშვნელოვნად ამცირებს მოქალაქეების დაცულობის განცდას და ამის საპირწონედ, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა ზომებს ატარებს სახელმწიფო;
პოლიტიკოსებმა, საჯარო პირებმა და მედია-საშუალებებმა თავი უნდა შეიკავონ ამ ფაქტის პარტიულ ჭრილში გადატანისგან, რათა კიდევ უფრო არ დამძიმდეს ქვეყანაში პოლიტიკური ფონი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კონტექსტში;
სამართალდამცავმა უწყებებმა მეტი აქცენტი გააკეთონ სამომავლოდ მსგავსი ფაქტების თავიდან აცილებაზე და ამ მიზნით შეიმუშაონ დანაშაულის პრევენციის სისტემური ხედვები“, ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში მდებარე ერთ-ერთი ბანკის ოფისში შეიჭრა მძიმედ შეიარაღებული თავდამსხმელი, მძევლად აიყვანა ოფისში მყოფი 43 მოქალაქე და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვა როგორც ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია, აგრეთვე 500,000 აშშ დოლარი.პოლიციამ თავდამსხმელის მოთხოვნები დააკმაყოფილა და სანაცვლოდ, 22 ოქტომბრის დილის საათებში მძევლად აყვანილი ყველა მოქალაქე გათავისუფლდა.
აღსანიშნავია, რომ მძევლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.






















