
დღეს, კორონავირუსი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა. ინფიცირებული პირი, პარალელურად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია.
პრაიმტაიმის ინფორმაციით, ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. წინასწარი მონაცემებით, პედაგოგს კონტაქტი საჯარო სკოლის თითქმის ყველა მასწავლებელთან ჰქონდა.
ჯერჯერობით, საჯარო სკოლაში ეპიდემიოლოგიური კვლევა არ დაწყებულა. არ არის მოძიებული ინფიცირებულის კონტაქტებიც.
ეპიდემიოლოგების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, სკოლაში სწავლის გაგრძელების ფორმა და საარჩევნო კომისიის მუშაობის რეჟიმი. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში, კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
Covid-19 დაუდასტურდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგსაც, რომელიც მკურნალობას ბინაზე გაივლის. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, პედაგოგის ინფიცირების ფაქტი, 23 ოქტომბერსაც გამოვლინდა. ვირუსი ერთ- ერთი სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგს დაუდგინდა.
სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისათვის, სკოლა, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდება. დღევანდელი მდგომარეობით, პედაგოგების ინფიცირების ფაქტი, თელავის, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებშია გამოვლენილი.
სამი პედაგოგის ინფიცირების გამო, ჯერჯერობით, დაუდგენელი ვადით, ონლაინ რეჟიმზეა გადაყვანილი, თელავის პირველი საჯარო სკოლაც.
დღეს, კახეთშიკორონა ვირუსით ინფიცირების 37 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანად რეგიონში, სექტემბრიდან დღემდე, Covid-19-ის 285 შემთხვევაა დაფიქსირებული.
აქედან, ყველაზე მეტი – 73 ფაქტი თელავში, ხოლო ყველაზე ცოტა- 6, საგარეჯოშია გამოვლენილი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























