
მერაბ მიხაელი (მიხელაშვილი) ისრაელის ქალაქ მოდი-ინში ცხოვრობს. ბატონი მერაბი აეროპორტის დაცვის სამსახურში მუშაობს. როგორც ამბობს, ორი თვეა რაც ისრაელის აეროპორტში მუშაობა აღდგა.
67 წლის რესპონდენტი “პრაიმტაიმს” არა მხოლოდ თავისი ქალაქის, არამედ ზოგადად ისრაელის ქალაქების შეზღუდვებზე უყვება.
მერაბ მიხაელი: – რისკჯგუფი 60 წლიდან არის, თუმცა მე გარეთ გასვლა მიწევს, ვმუშაობ. პირველ რიგში ღმერთისგან ვარ დაცული… როგორც უფალს სურს, ყველაფერი ისე იქნება.

მადლობა ღმერთს, ჩვენთან დღიურ დაინფიცირებულთა რიცხვი, ბოლო სამი კვირაა, 8 ათასიდან 800-ზე ჩამოვიდა. საჰაერო მიმოსვლა თვენახევარია აღდგა, სრულად კი, ბოლო ერთი კვირაა. წითელი ზონის ქვეყნებიდანაც მოფრინავენ 15-20 კაციანი ეკიპაჟები. ისრაელის ავიახაზები საქართველოშიც დაფრინავს.
სალონები ისევ დაკეტილია. სტილისტებს ჩუმად სახლებში იძახებენ მოქალაქეები. მე პირადად, სამი თვეა თმა არ შემიჭრია. ტყიდან გამოქცეულს ვგავარ. შესაძლოა იმ კვირიდან გაიხსნას სალონები და რესტორნები. ჯერჯერობით, არც ერთი კაფე-ბარი და რესტორანი ღია არ არის. შეკვეთილი კერძების წაღება რესტორანთან ახლოს მდებარე ჯიხურებიდან ხდება.
მაცხოვრის საფლავის ტაძარი დაკეტილია. დილის 11 საათზე აღებენ, რომ დასუფთავდეს, მოვლა უნდა და 1 საათზე ისევ კეტავენ. ტაძრები დაკეტილია. შაბათ-კვირას წირვა-ლოცვისთვის მხოლოდ ჯვრის მონასტერი იღება. ქართველი ემიგრანტები მიდიან, სულ დაახლოებით 20 ადამიანი.
სკოლებში დაბალი კლასები დადიან, დანარჩენები ონლაინსწავლებაზე არიან.
ლაპარაკია, რომ საკურორტო ქალაქ ეილათში მდებარე სასტომროები გაიხსნას (წითელ ზღვაზე). ხალხს რომ საზღვარგარეთ გამგზავრება არ მოუნდეს და ჩვენსავე საკურორტო ქალაქში დაისვენოს, მკვდარ ზღვაზე.

ქვეყანაში ძალიან ცუდი ეკონომიკური სიტუაციაა. ხალხი არ მუშაობს. მთავრობა არ ეხმარება. ბანკებმა კიდევ სამი თვით გადაუვადეს სესხები.
პირბადით სიარული ქუჩაშიც სავალდებულოა. ადრე პირბადიდან ცხვირამოყოფილ ადამიანებსაც 500 შეკელით (150 დოლარი) აჯარიმებდნენ. ახლა ჯერჯერობით არ აჯარიმენებენ, თუმცა ხალხის თავაშვებულობიდან გამომდინარე, 1 ნოემბრიდან ჯარიმების გამკაცრებას ისევ აპირებენ.
ტრანსპორტში 3 კაცზე მეტი ვერ ჯდება. საკუთარი მანქანით სამი თუ ვმგზავრობთ, უკვე პირბადეები უნდა გვეკეთოს.






















