
პოლიციამ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის მოქალაქე დააკავა. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. სატვირთო ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა.
მძიმე ფაქტს დღეს დილიდან ეხმიანებიან პოლიტიკოსები. სამძიმარს გამოთქვამენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.
„მინდა ხაზგასმით მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
„არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული, ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი გუშინდელი ავტოკატასტროფის ფონზე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს! ავტოშემთხვევის დროს დაშავებულ მოქალაქეებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,“ – წერს კახა კალაძე.
„მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“,- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეტა “ნაციონალურმა მოძრაობამ”.
“რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა – ზუგდიდისკენ მიმავალ მიკროავტობუსს, რომელშიც ჩვენი მხარდამჭერები ისხდნენ, ტრაილერი დაეჯახა. მომხდარის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პარტიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
ფეისბუქ-სტატუსით გამოეხმაურა ფაქტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. “შემზარა გუშინდელმა ტრაგედიამ, საქართველომ დაკარგა პატრიოტი ადამიანები, ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს! დაშავებულებს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას”, – დაწერა სააკაშვილმა.
„არის წუთები, როდესაც სიტყვა ფასს კარგავს, ვეღარაფერს ვეღარ გადმოსცემს, აღარც კი იცი, აქვს თუ არა აზრი რამეს თქმას“,- ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია გუშინდელ ავარაიას. როგორც ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ და ხვალ „ცრემლიანი გამრჯვებულები“ იქნებიან. დაიღუპა ჩვენი 6 მეგობარი, მხოლოდ მეგობრები კი არა, რომელთანაც ერთად გამოვლილი წლები, წარსული გაკავშირებს, არამედ -თანამებრძოლებიც, რომელთან უფრო ძვირფასი – მომავალი და ამ მომავლისთვის ბრძოლა გაკავშირებს – ადამიანები ვისაც ეიმედებოდი და ვინც გეიმედებოდნენ… ჩვენ მათ გარეშე, მაგრამ მათი სახელით გავაგრძელებთ ბრძოლას და ხვალ გამარჯვებულები ვიქნებით, მაგრამ ცრემლიანი გამარჯვებულები“,- წერს ნიკა მელია.
ჟურნალისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორტიარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი გორში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართვას და მოუწოდებს, რომ პოლიტიკა ამ ტრაგედიას არ დაუკავშირონ. „არავის გაგეგოთ ყურზე მოდებული ხმა, რომ ვინმე, რამეს იზიარებს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ. ან, იმას რა მნიშვნელობა აქვს იმ სამარშრუტო ტაქსში ვინ ისხდნენ. ადამიანები გარდაიცვალნენ, რა დროს ნაცი და ქოცია ხალხნო. ოჯახის წევრებს ვუსურვებ ძალას, ტკივილს გაუძლონ. ახლა მხოლოდ იმის დროა, რომ ჩვენგან სიძლიერე და სიყვარული იგრძნონ, ვინცობთ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. ამ დროს ყველა სიტყვას იმხელა ძალა აქვს, სხვისი მორჩენა შეუძლია. ან, პირიქით. ამიტომ ხანდახან მაინც დაიკიდეთ პოლიტიკა. განსაკუთრებით თუ ვინმე გლოვობს, თორემ ბუმერანგია ეს ცხოვრება იცოდეთ,“- წერს ჟორჟოლიანი.
ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა პარტია “ლელომაც”.






















