
ოჯახები, რომლიდანაც პარლამენტართა მანდატისათვის რამდენიმე წევრი იბრძვის. საპარლამენტო სავარძლებისთვის მებრძოლი თაობები და პოლიტიკური მემკვიდრეობა, რომლის გადაცემას შვილებისთვის, ერთ შემთვევაში კი, დედმამიშვილისთვის ცდილობენ: დედა-შვილი, და-ძმა, მამა-შვილი – ეს არჩევნები 2020-ია.
„პრაიმტაიმმა“ ოჯახურ პოლიტიკურ აქტიურობაზე სტატია მოამზადა. და-ძმა ჩხეიძეები, დედა-შვილი – ნინო ბურჯანაძე და ანზორ ბიწაძე, მამა-შვილი ნათელაშვილები მოხვდებიან თუ არა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ხვალ, არჩევნების შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი.
„პატრიოტთა ალიანსიდან“ გაერთიანებულ ოპოზიციამდე და მწერლობიდან პოლიტიკამდე – ჩხეიძეების საპარლამენტო ციებ-ცხელება

ნატო და როსტომ ჩხეიძეები და-ძმა არიან. ისინი გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპარლამენტო სიაში არიან. 13-ე ნომრით ნატო ჩხეიძე ასევე, მაჟორიტარობის კანდიდატიცაა. ორგზის მოწვევის პარლამენტის წევრი, „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი ნატო ჩხეიძე „ძალა ერთობაშიას“ სახელით მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს ხაშური-ქარელის და გორის ნაწილის საარჩევნო ოლქში.
მისი ძმა, მწერალი როსტომ ჩხეიძეც „ძალა ერთობაშიას“ საპარლამენტო სიაში 25-ე ადგილს იკავებს.
ის მწერალი და მეცნიერი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემური ენების განხრით. ძველი კულტურების, ბიბლიისა და არაბული ლიტერატურის მკვლევარია. როსტომ ჩხეიძე XIX-XX საუკუნეების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ-კულტურულ ცხოვრების ამსახველი არაერთი წიგნის ავტორია.
ბურჯანაძე-ბიწაძის ალიანსი პარლამენტის სავარძლებში მოსახვედრად

დედა-შვილი – ნინო ბურჯანაძე და მისი უფროსი ვაჟი, ანზორ ბიწაძე „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ სიით მანდატებისთვის იბრძვიან. ამ სიაში პირველი ნომერი თავად ნინო ბურჯანაძეა, ხოლო მესამე ნომრად ანზორ ბიწაძეა წარმოდგენილი. ის დედის დაფუძნებული პარტიის პოლიტ. საბჭოს წევრი იყო.
ნინო ბურჯანაძე ოპოზიციაში მესამედ გადავიდა. ის ჯერ შევარდნაძის მთავრობას, შემდეგ – -სააკაშვილის, ბოლოს კი ივანიშვილის ხელისუფლებას დაუპირისპირდა.
დედა-შვილის პოლიტიკური ტანდემი ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ 2011 წელს შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სკანდალური ჩანაწერების შემდეგ გახდა ცნობილი. ბურჯანაძე შვილთან ერთად ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შესახებ საუბრობდა. ანზორ ბიწაძე მომხრე იყო, რომ საქართველოში მოვლენები ეგვიპტის სცენარით განვითარებულიყო. საუბრობდნენ მსხვერპლზეც – დასახელებული იყო 100-დან 500 ადამიანამდე. ამავე ჩანაწერში, დედა-შვილი ასევე რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივაზეც საუბრობდა.
მამა-შვილი ნათელაშვილი და არჩევნები 2020

„მე ვბრუნდები ნაძალადევში, ჩემს პოლიტიკურ აკვანში“ – ეს სიტყვები შალვა ნათელაშვილს ეკუთვნის. ნაძალადევის რაიონში ოპოზიციის ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილია. მისი შვილი, ბექა ნათელაშვილი მცხეთა-მთიანეთში მამის პარტიიდან წარდგენილია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. საკუთარი კანდიდატურა მან მცხეთაში, 7 აგვისტოს, თავად წარადგინა.
„მე მინდა, მცხეთა-მთიანეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საკუთარი თავი წარვადგინო.
სწორედ ამ ახალგაზრდებთან ერთად შემოვიარო თიოეული სოფელი, თითოეული ქალაქი და აქ მცხოვრებ ადამიანებს ვუთხრა, რომ ჯერ კიდევ არსებობს იმედი, ქვეყნიდან გაქცევა არ არის გამოსავალი, სოფლების დაცლა, სკოლების დახურვა არ არის გამოსავალი”, – განაცხადა ნათელაშვილმა.
უმცროს ნათელაშვილს საზოგადოება მოძრაობა „სირცხვილია“-დან იცნობს. მან პოლიტიკური აქტივობა სწორედ „სირცხვილია“-თი დაიწყო.






















