00:06 | 2020-03-21 ავტორი: თამარ ბუჩუკური

სამი ქალი, რომლებსაც ინფიცირებულ ჩეხებთან ურთიერთობა ჰქონდათ, კარანტინში იძულებით წაიყვანეს

სამი ქალი, რომლებსაც ინფიცირებულ ჩეხებთან ურთიერთობა ჰქონდათ, კარანტინში იძულებით წაიყვანეს

„სამი ადამიანი, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით დაინფიცირებულ ჩეხ ტურისტებთან, თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო, კარანტინში იმყოფებიან. ერთ-ერთმა სამარშრუტო ტაქსითაც იმგზავრა მლეთა-თბილისის მიმართულებით“ – ამ ინფორმაციას „პრაიმტაიმს“ სასტუმრო „გეოგრაფის“ ერთ-ერთი თანამშრომელი აწვდის.

 

„სამმა ქალბატონმა, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულ ჩეხ ტურისტებთან პირდაპირ შემხებლობაში იყვნენ, თვითიზოლაციის რეჟიმი დაარღვიეს და საპატრულო სამსახურმა ისინი კარანტინში გადაიყვანა. სამივე სასტუმრო გეოგრაფშიდამლაგებლებად მუშაობდა, დაავადებული ტურისტებიც სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობდნენ.

 

ორი ქალბატონი სოფელში გადაადგილდებოდა, სახლებში თითქმის არ ჩერდებოდნენ. მესამე კი, მლეთიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსით ჩამოვიდა და ის დიდუბის ავტოსადგურში პოლიციამ და სასწრაფო დახმარების ეკიპირებულმა ეკიპაჟმა იძულებით საკარანტინო ზონაში გადაიყვანა.

 

ძალიან სამწუხაროა ასეთი უპასუხისმგებლობა. ჩეხები გაგვიფრთხილდნენ, მათი დიაგნოზის გაგებისთანავე ჩეხეთიდან სასტუმრო „გეორგრაფს“ და რესტორან „მთვრალ ალუბალს“ აცნობეს ინფიცირების შესახებ და გვთხოვეს, თავს გაუფრთხილდით, სასწრაფო ზომები მიიღეთ, დახურეთ ობიექტებიო. ესენი კი, თავიანთ ოჯახის წევრებსაც კი არ უფრთხილდებიან. ჯერ საინკუბაციო პერიოდიც კი არ გასულა და თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ“ – ამბობს ადგილობრივი.

 

შეგახსენებთ, კორონავირუსით დაინფიცირებულმა ჩეხმა ტურისტებმა საქართველო 10 მარტს დატოვეს. მათ 12 მარტს ჩეხეთში ვირუსული ინფექცია დაუდგინეს, რის შემდეგაც, ყველა იმ დაწესებულებას დაუკავშირდნენ, სადაც ხშირად იმყოფებოდნენ და თავიანთი დიაგნოზები აცნობეს.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ყველა იმ პირის გამოვლენა და ვირუსზე ტესტირება ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო. თვითიზოლაციის რეჟიმის რეკომენდაცია 25 ადამიანს მისცეს, რომელთაგანაც სამი პირი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს.

 

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევაა დადასტურებული.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X