18:57 | 2020-11-04 ავტორი: Prime Time

უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ბარიერგადალახული პარტიები ბიუჯეტიდან

უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ბარიერგადალახული პარტიები ბიუჯეტიდან

8 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია არჩევნებში მოპოვებულ მანდატებს თმობს, ასეთ შემთხვევაში, პარტიები ბიუჯეტიდან დაფინანსებას მაინც მიიღებენ. ხელისუფლებაში ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე უკვე ალაპარაკდნენ, რისთვისაც კანონში შესატანი ცვლილებები უნდა მომზადდეს.

 

რამდენად სამართლიანია ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა

 

როგორც პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძეპრაიმტიმნთან“ საუბრისას აცხადებს, ოპოზიციური პარტიები ბიუჯეტიდან დაფინანსებას უნდა იღებდნენ, რადგან პარლამენტის გარეთ არსებობა შეძლონ.

 

„ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი ამომრჩევლები ჰყავთ, რომლებიც ბიუჯეტში ფულს იხდიან. ხელისუფლება ოპოზიციას ფულს უხდის იმაში, რომ მათ შეძლონ პოლიტიკური საქმიანობის წარმოება. მგონია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები არის არაადეკვატური.

 

მით უფრო, როცა პოლიტიკურ საქმიანობაში მარტო პარლამენტში არ ყოფნა არ შედის. ოპოზიციური პარტიები, შევლენ თუ არა პარლამენტში, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდნენ იმ მხარდაჭერის გამო, რომელიც ამომრჩეველმა მიანიჭა. პარტიების ნება არის, ბიუჯეტიდან მიღებულ ფულს, რაში გამოიყენებენ. თუ მოინდომებენ, ამ კანონს, რა თქმა უნდა, “ოცნებაში” მიიღებენ“,- განაცხადა ძაბირაძემ.

 

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რას ამბობენ ხელისუფლებაში

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის,ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ პარტია მანდატებზე უარს ამბობს, მან სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღებაზეც უნდა თქვას უარი.

 

„ თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რომელიც მას ხალხმა და მისმა ამომრჩეველმა მიანიჭა, ბუნებრივია, მან არ უნდა მიიღოს არც ის სხვა პრივილეგიები, რომელიც არჩევნებს და მიღებულ მანდატებს უკავშირდება.ეს არის, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსება.

 

ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, კარგიც იქნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ექცევა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

 

რას ამბობს კანონი პარტიების დაფინანსების შესახებ

 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი

 

მუხლი 30

 

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარებისთვის.

 

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო.

 

3. პარტია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს თანხას საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის 15 ლარის, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის − 5 ლარის ოდენობით.

 

4. პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც უნდა წარედგინოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ყოველწლიურად, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა. თუ პარტიამ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა წერილობითი თანხმობა მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე, ამ ვადის გასვლიდან მეორე დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია წერილობით აცნობებს პარტიას ამის შესახებ.

 

პარტიას უფლება აქვს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შესაბამისი თანხმობა. თუ პარტიამ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ ვადაში კვლავ არ წარადგინა შესაბამისი თანხმობა, იგი კარგავს მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას, რის შესახებაც მას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია წერილობით აცნობებს.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია პარტიის მიერ მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების დაკარგვიდან 5 დღეში აღნიშნული თანხა დააბრუნოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. (ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან)

 

შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ქვეყანაში იგივე სცენარი 2008 წელს განვითარდა, როცა შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის გამო, არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

 

ავტორი: Prime Time

X