
ქვეყნის ნომერ პირველი კარდიოლოგი იუბილარია. გულის ჯადოქარი – გულიკო ჩაფიძე 4 ნოემბერს 90 წლის გახდა.
და ამ 90 წელში მოქცეულია ტიტულები, სტატუსები – კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი… უამრავი ჯილდო, სახელი, დიდება…
ვინ არ ყოფილა მის პაციენტთა ურიცხვ სიაში – ქვეყნის პირველი პირები, ხელოვანები, სასულიერო პირები, მოკვდავნი და უკვდავნი ამა ქვეყნისანი…
დიდი ტრაგედიების მიუხედავად არ გაჩერებულა, სიცოცხლეზე ხელი არ ჩაუქნევია, ღმერთზე არ გაბრაზებულა და დღემდე აქტიურად მუშაობს.
პატრიარქთან კვირაში სამი ვიზიტი მისთვის ცხოვრების ჩვეული რიტმია. სწორედ მას უმადლის, რომ დღემდე შრომისუნარიანია და არ დანებებულა.
მას რომ უსმენ, ხვდები, რომ ყველაზე მძიმე განსაცდელსაც უძლებს ადამიანი… ზურგზე იმხელა ჯვარს გვკიდებს უფალი, რომლის ტარებასაც შევძლებთ. მთელი ჩვენი დრამატურგიაც ამ ჯვრისტარებაში იქსოვება.
“პრაიმტაიმის” მკვითხველს აი, ასეთი ბიოგრაფიის ადამიანი აძლევს დიდ და კეთილ რჩევებს. გულის დასტაქარი, რომლის სახელიც კი გულთან ასოცირდება, ამბობს, რომ უმთავრესი სიყვარულია და გულში მხოლოდ მისი ადგილი უნდა ჰქონდეს ადამიანს…
გულიკო ჩაფიძე: – ჯერჯერობით ფეხზე ვარ და ვმუშაობ. მუშაობისთვის ნამდვილად კარგი განწყობა მაქვს. იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია და პაციენტები, რომ მუშაობის გარეშე არ შემიძლია.
გუშინ იმდენი ზარი იყო, ვერ ავუდიიოდი, ვიჯექი და ვპასუხობდი მთელი დღე. სახლში ვიყავი. ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა. მოწაფეები მირეკავდნენ და მილოცავდნენ ამერიკიდან, რუსეთიდან… გერმანიიდან დამირეკა კარდიოლოგიურმა კლინიკამ. სასიამოვნო და ემოციურია ეს ყველაფერი. სასიამოვნო ის არ არის, 90 წლის რომ გავხდი. ასაკს არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. ხალხს რომ გავახსენდი, აი, ეს არის მნიშვნელოვანი. ყველასი მადლობელი ვარ.
სახეზე ყველა პაციენტი და მოწაფე მახსოვს, სახელებით და გვარებით უკვე აღარ. კლინიკის თანამშრომელმა მითხრა, სოციალურ ქსელში 87 ათასი მოლოცვა მოვიდაო. დიდია ჩემი მადლიერების გრძნობა.
დღეს პატრიარქთან მივდივარ. გუშინ არ მივსულვარ. არ მინდოდა შემეწუხებინა. საპატრიაქროსგან მილოცვა კი მივიღე. მონასტრებიდან დამირეკეს…
მე პატრიაქრის ხშირი სტუმარი ვარ, მიყვარს და პატივს ვცემ. მე თუ დღეს ფეხზე ვდგავარ, კლინიკაში ყოველდღე დავდვარ და ვმუშაობ, ეს უწმინდესის დამსახურებაა.
ორი ვაჟი მყავდა, არც ერთი აღარ მყვას. შვილიშვილიც გარდამეცვალა… პირველი შვილი რომ გარდამეცვალა, ვთქვი, რომ აღარ ვიმუშავებ, არაფერი აღარ მინდა-მეთქი. სამი თვე სახლში ვიყავი… ცუდი აზრები მიტრიალებდა. ცა ჩამომენგრა, არ ჩავუყოლებივარ, თორემ მიწა გამისკდა. ღმერთმა დაიფაროს ყველა. საშინელება იყო. ამაზე დიდი საშინელება არ არსებობს. ეს ჩემთან სულ იქნება და თან მდევს.

აქტიურად ვმუშაობდი რეანიმაციაში. კლინიკაში რომ მივიდოდი, პირველ რიგში, რეანიმაციულ განყოფილებაში შევიდოდი. უწმინდესს ვუთხარი, ალბათ, ეს ჩემი დიდი ცოდვაა და ამიტომ მეწვია ასეთი დიდი უბედურება-მეთქი. უწმინდესმა მიპასუხა – ეს შენ კი არ აკეთებ ოპერაციებს, უფალმა აგირჩია და შენი ხელებით ის აკეთებს ყველაფერსო… ამიტომ მუშაობა უნდა გააგრძელოო. არ გავაგრძელებ-მეთქი ვუთხარი. მეორე დღეს დამირეკა, როგორ ხარ, სად ხარო? კლინიკაში ვარ-მეთქი…
მერე მეორე შვილს ფილტვის სიმსივნე ჰქონდა. გერმანიაში წავედით დიაგნოზის დასაზუსტებლად. კლინიკიდან გამოსული არ ვიყავი, პატრიაქრმა რომ დამირეკა. როგორ ხარო, მკითხა. ძალიან ცუდად, უწმინდესო, დავიღუპე-მეთქი. ასე არ თქვაო, მითხრა. ახლავე წამოიყვანე და წამოდი, ყველაფერი კარგად იქნებაო…
სიტყვები არ მყოფნის, ისეთი გვერდში დგომა იცის… მე თუ რაიმეს ვაკეთებ, ნამდვილად მისი დამსახურებაა. ჩემი ტრაგედიებიდან გამომდინარე, ვცდილობ, ყველა პაციენტში და განსაკუთრებით – ახალგაზრდებში მთელი გული ჩავდო და გამოვაჯანმრთელო.
რჩევები გულიკო ჩაფიძისგან
გულიკო ჩაფიძე: – ნორმალური ცხოვრების წესი უნდა გქონდეთ. ფეხით უნდა იაროთ. ცხოვრება აქტიური უნდა იყოს. ფიზიკური აქტივობის გარდა, გონებაც უნდა ავარჯიშოთ. დღე არ მქონია, რომ რამე არ წამეკითხა. ტვინს სჭირდება ვარჯიში და ის ადამიანს საღად შეინახავს.
მეტი სიყვარული და სიკეთე თესეთ. საქმეში მეტი სიყვარული ჩააქსოვეთ, მნიშვნელობა არ აქვს, რას საქმიანობთ. თანადგომა გაუწიეთ მათ, ვისაც ეს ესაჭიროება. დაეხმარეთ ერთმანეთს.
გულს მოფერება უნდა (იცინის). ერთმანეთის მიმართ ყველა კეთილად უნდა იყოთ განწყობილნი. შეიძლება ვიღაცამ უტაქტოდ გითხრათ რამე, ან გაწყენინოთ, უნდა აპატიოთ. ეს არაფერია. თქვენს გულში მხოლოდ სიყვარული და თანადგომა უნდა იყოს.
ხალხის, პაციენტების და საქმის სიყვარული მამოძრავებს. მთავარია, რომ მენდობიან… თუკი რაიმეს აკეთებთ, ყველაფერი სიყვარულით და გულით უნდა აკეთოთ და სხვა ყველაფერი გამოგივათ.
ვლოცავ ყველას, ახალგაზრდებს, ექიმებს, წარმატებას და სიხარულს, სიყვარულს და სიკეთეს ვუსურვებ. ყველას ვეუბნები, ცხოვრება მძიმეა, პრობლემა სულ გვხვდება, მაგრამ არ შეშინდეთ! რაც არ უნდა იყოს, რა ცხოვრებისეული სიძნელეც არ უნდა შეგხვდეთ, არ დაიჩოქოთ, მაგრად იდექით. ღმერთი დაგლოცავთ…






















