
ოპოზიცია და საზოგადოების ერთი ნაწილი საქართველოს პრეზიდენტს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
ეს მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის აპრილი-სექტემბრის პერიოდში, ანუ პანდემიის დროს, სალომე ზურაბიშვილის შიდა მივლინებები ბიუჯეტს ჯამში 21 364 ლარი დაუჯდა.
„ამ მონაცემებში არ შედის კორონავირუსის გავრცელებამდე პერიოდი (იანვარი-მარტი), რა დროსაც პრეზიდენტის შიდა ვიზიტებზე 15 232 ლარი, ხოლო საგარეო გასვლებზე 236 312 ლარი დაიხარჯა”, – აღნიშნულია ანგარიშში.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სალომე ზურაბიშვილმა ნამდვილად იმოგზაურა და შესაბამის ფოტოებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნდებდა.
მმართველი გუნდის მხარდამჭერებს ზურაბიშვილის მიერ შიდა ტურებში გახარჯულმა 36 500-მა ლარმა მიხეილ სააკაშვილის ხარჯები გაახსენათ.
სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შედგენილი ოფიციალური დოკუმენტებით და ხარჯვის ამსახველი აქტებით, ირკვევა, რომ მხოლოდ ვერა ქობალიას მშობლების, ასევე, მისი დის ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად ბიუჯეტიდან 38 247 ლარია დახარჯული, რაც გაცილებით მეტია იმაზე, რაც სალომე ზურაბიშვილმა მთელი წლის განმავლობაში დახარჯა შიდა-მოგზაურობებში.
ამავე დოკუმენტაციით ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ავიალაინერის დაქირავებისთვის გადახდილია 503 383 ლარი;
იტალიაში, ქალაქ ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისთვის გადახდილია 45 214 ლარი;
პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33 204 ლარი;
საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისთვის ველოსიპედების დაქირავებისთვის გადახდილია 35 350 ლარი;
იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25 237 ლარი;
2009-2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში დაიხარჯა 673 260 ლარი, აქედან უშუალოდ სააკაშვილის პროცედურებზე დახარჯულია 399 495 ლარი. კერძოდ, მან საზღვარგარეთის სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ე.წ. „ბოტოქსისა“ და ეპილაციის პროცედურების ჩასატარებლად, მათ შორის მიუნხენსა და ნიუ-ორკში.
ეს არის ოფიციალური დოკუმენტები, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ შედგენილი აქტებითაც დასტურდება. საერთო ჯამში 8 მილიონ ლარზე მეტის სავარაუდო გაფლანგვის საქმე ამჟამად სასამართლოში განიხილება.






















