
გერმანელი მეცნიერების მიერ გაკეთებული კვლევის თანახმად, კორონავირუსი, ზედაპირებიდან არ გადადის. ის მხოლოდ სუნთქვით გადაედება.
კოვიდ-19-ზე კვლევა გერმანელი ვირუსოლოგის, ჰენრი კაშტრეკის მეცნიერთა ჯგუფმა გერმანიის ქალაქ ჰაინსბერგის დაინფიცირებულთა სახლებში ჩაატარა. ეს ის ქალაქია, რომელიც პანდემიის დასაწყისში, ყველაზე მეტი დაინფიცირებულით გამოირჩეოდა გერმანიაში. დაინფიცირებულთა სახლებში შემოწმებულ ზედაპირებზე, ცოცხალი ვირუსი ვერსად ვერ აღმოაჩინეს.

ჩატარებული კვლევის საფუძველზე მეცნიერები ასკვნიან, რომ კოვიდ-19 სიცოცხლისუნარიანი ზედაპირებზე აღარ არის. ისინი მხოლოდ უსიცოცხლო მდგომარეობაში არიან კარის სახელურების, ლიფტის ღილაკების ზედაპირებზე, კიბის მოაჯირებზე. ამ კვლევის თანახმად არც კატები არიან მისი გადამტანნი.
ჩვენ გვახსოვს, პანდემიის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ კორონავირუსი ზედაპირებზე რამდენიმე დღე ცოცხლობდნენ, ისინი ტანსაცმელზეც აგრძელებდნენ არსებობას. მაღაზიიდან მოტანილი შეფუთული პროდუქტების ისტერიკულმა ხეხვა-რეცხვამაც გადაგვიარა. მზეზე ვფენდით გახდილ სამოსს, რომ მომკვდარიყო ვირუსი. ფეხსაცმელს სადარბაზოში ვიხდიდით და ვტოვებდით.
თავდაპირველად გაკეთებული კვლევების მიხედვით კოვიდ-19 ქაღალდის ზედაპირიდან 3 საათში გაქრა. 2 დღე გაძლო მან ხისა და ტანსაცმლის ზედაპირზე, 4 დღე მინაზე და ქაღალდის ფულზე იარსება. კორონავირუსმა ყველაზე დიდხანს – 7 დღე გაძლო სამედიცინო პირბადის გარე ზედაპირზე.

კიდევ ერთი კვლევის შედეგი New England Journal of Medicine-მა მარტში გამოაქვეყნა. ამ კვლევის მიხედვით, ვირუსს შეუძლია 4 საათი გაძლოს სპილენძზე, 1 დღე მუყაოზე, 3 დღე პლასტმასსა და უჟანგავ ფოლადზე. აღსანიშნავია, რომ ორივე კვლევის დროს, სპეციალისტებმა კორონავირუსის გამძლეობა შეისწავლეს 65%-იანი ტენიანობისა და 21°C-ის ტემპერატურის პირობებში.
რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო მცირდება ვირუსის გამძლეობა. ჰონგ კონგის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, +56 გრადუსზე კორონავირუსი 30 წუთში, ხოლო +70 გრადუსზე ხუთ წუთში კვდება.
გერმანელი ვირუსოლოგების კვლევით კი ყველაფერი თავდაყრა დადგა. აღმოჩნდა, რომ ეს ვირუსი შესუნთქვით გადადის. მისი გადადების რისკი თავშეყრის ადგილებში, ხალხმრავალ ლოკაციებზე იზრდება – რესტორნებში, კლუბებში, სავაჭრო ქსელებში, სალონებში.

“პრაიმტაიმთან” ახალ კვლევაზე კომენტარს პროფესორი, ექიმი სპეციალისტი, საერთაშორისო ექსპერტი – მაკა ბულეიშვილი აკეთებს.
მაკა ბულეიშვილი: – მე თვითონ სამი წელი ვიმუშავე გერმანიაში, დისერტაციაც იქ დავიცავი. გერმანული მეცნიერება ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული მეცნიერებაა. მათ სიზუსტით კვლევის ჩატარება ახასიათებთ. საერთოდ როგორებიც არიან, ისევე ატარებენ მეცნიერულ კვლევასაც.
პანდემიის დასაწყისში იყო საუბარი, რომ გადადიოდა ზედაპირებიდან, მოაჯირებზე, სახულურებზე შეხებით, კონტაქტით.
მუდმივად ვეცნობი სიახლეებს. მე ვიცოდი, რომ ეს კვლევა უნდა ჩატარებულიყო. მარტშივე დაიწყეს. დროც გავიდა და დადეს კიდეც შედეგი.
როგორც ვიცი, დაინფიცირებული ხალხის ბინებში გააკეთეს ეს კვლევა.
მე დღეში 1000 კაცთან მაქვს შეხება. რასაც ვხედავ, ძირითადად, კონტაქტებით – შესუნთქვით სნებოვნდებიან. ბოლოს არც ერთი შემთხვევა არ მქონია, რომ ვინმეს ზედაპირისგან გადადებოდა ვირუსი. კონტაქტური გადადება იმდენად ხშირია, რომ ზედაპირები აღარავის ახსოვს. თუმცა ეს კვლევა მნიშვნელოვანი იყო. ეს იქნება მაღალი ხარისხის კვლევა.























