14:36 | 2020-11-10 ავტორი: Prime Time

გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიაში მედიიდან შეიტყვეს

გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიაში მედიიდან შეიტყვეს

რამდენიმე წუთის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ყველა ოპოზიციურ პარტიას მიმართავს და მოუწოდებს, ქუჩა „საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით“ ჩაანაცვლონ.

 

როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება მისივე პარტიის წევრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც პრაიმტაიმთან საუბრისას ლევან ხაბეიშვილი აცხადებს,

„აქციის შეწყვეტასთან დაკავშირებით, არავის განუცხადებია“.

 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადების შესახებ ინტერნეტით შეიტყო.

 

„ალბათ, პარტია გააკეთებს განცხადებას. მე უბრალოდ არც შეხვედრებზე დავდივარ და არაფერი. ამიტომ თავს შევიკავებ. რამე რომ ვიცოდე, გეტყოდით. არ ვარ საქმის კურსში და არ ვიცი, ეს განცხადება ნამდვილად გააკეთა, როდის და სად გააკეთა,“- აცხადებს სამადაშვილი.

 

კიდევ ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით,

„პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი დათმობაზე არ წავა“.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადების შინაარსი მისთვის ცნობილი არ არის.

 

„გავეცნობი. ვნახავ. ჯობია, დაურეკოთ პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს და ის გეტყვით, ვინ გაგცემთ ამაზე პასუხს. უნდა გადავაზუსტო. ფეისბუქზე ვნახე ახლა, რომ რაღაცა პოსტი დაიდო, მაგრამ პოსტს ვერ ვნახულობ. გავარკვევ ცოტა ხანში. შინაარსი არ ვიცი“, – განაცხადა გოცირიძემ.

 

გრიგოლ ვაშაძის განცხადებას „ნიუპოსტი“ ავრცელებს. „პრაიმტაიმს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესამსახურში კი განუცხადეს, რომ „განცხადება ტყუილი არ იქნება“ და დამატებით დეტალებს არკვევენ.

ავტორი: Prime Time

X