
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა COVID-19-ის ახალი ვაქცინის წარმატების შესახებ. ეს ვაქცინა მსოფლიოში პირველია, რომელმაც კლინიკური ცდების საბოლოო და გადამწყვეტ, მე-3 ფაზაში დადებითი შედეგები აჩვენა.
წლის დასაწყისში, როდესაც მსოფლიომ პირველად გაიგო ახალი კორონავირუსი შესახებ, BioNTech-მა სწრაფად დაიწყო რესურსების მობილიზება. ეს კომპანია ცოლ-ქმარმა მეცნიერებმა, ოზლამ ტურეჯიმ და უგურ საჰინმა, ასევე ავსტრიელმა ონკოლოგმა კრისტოფ ჰუბერმა 2008 წელს დააფუძნეს.
ოქტომბრის ბოლოს საჰინმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი კომპანია ვაქცინას დამოუკიდებლადაც შექმნიდა, მაგრამ დიდ გამოწვევას წააწყდებოდა მისი გავრცელების თვალსაზრისით.
ამერიკულმა ფარმაცევტულმა კორპორაცია Pfizer-მა, რომელიც BioNTech-თან 2018 წლიდან თანამშრომლობს გრიპის ვაქცინაზე, კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობისთვის მას წინსწრებით გადაუხადა 185 მილიონი დოლარი, მუშაობის დასრულების შემდეგ კი კიდევ 563 მილიონს გადაუხდის.
ვინ არიან BioNTech-ის დამფუძნებლები
ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ აქტიურად განიხილებოდა თურქული წარმოშობის გერმანიის მოქალაქეთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირების საკითხი, BioNTech-ის დამფუძნებლების ისტორია მართლაც გამორჩეულია.
ტურეჯი და საჰინი 1960-იანი წლების ბოლოს გერმანიაში ჩასული თურქი „სასტუმროს მოსამსახურეების“ შვილები არიან. უგურ საჰინი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში დაიბადა, მაგრამ სულ ოთხი წლის იყო, როდესაც ქალაქ კელნში წაიყვანეს. მისი მეუღლე, კომპანიის სამედიცინო ხელმძღვანელი ოზლამ ტურეჯი ქვემო საქსონიაში დაიბადა.
წყვილს გერმანიის მოქალაქეობა აქვთ და ჰყავს თინეიჯერი ქალიშვილი. ერთმანეთი ზაარლანდის უნივერსიტეტში გაიცნეს და 2002 წელს დაქორწინდნენ. Süddeutsche Zeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტურეჯი აღნიშნავდა, რომ მან და მისმა ქმარმა ქორწილის დღე ლაბორატორიაში ხალათებით დაიწყეს, ხელმოწერის ხანმოკლე პროცედურის შემდეგ კვლავ იქ დაბრუნდნენ და კვლევა გააგრძელეს.
როგორც გერმანული გაზეთი Tagesspiegel-ი წერს, მათი წარმატება სულის მალამოსავით არის თურქული წარმოშობის გერმანელებისთვის, რომლებსაც ათწლეულებია, გაუნათლებელი მწვანილით მოვაჭრეების სტერეოტიპს აწებებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წელს 10 წელი გავიდა, რაც გერმანიის მთავრობის ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა გამოსცა წიგნი, სახელად „საკუთარი თავის გაქცევა“, რომელშიც წერს, რომ თურქი მიგრანტები ქვეყანაში განათლების სტანდარტების დეგრადაციას ახდენენ.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
























