
ახალი რეგულაციით, ორშაბათიდან, საღამოს 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია, როგორც ფეხით, ასევე – ტრანსპორტით.
„პრაიმტაიმმა“ გადაწყვიტა, დააკმაყოფილოს მკითხველის ცნობისმოყვარეობა და მოგიყვეთ, როგორ ცხოვრობს თბილისი ღამის საათებში.
რეპორტაჟის გასაკეთებლად 22:00 საათს რომ 15 წუთი აკლდა, მაშინ გავედი. ქალაქის ქუჩები სავსე იყო მანქანებით და აქა-იქ ფეხით მოსიარულეებიც მიიჩქაროდნენ შინისკენ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გავედი, მოსახერხებელი ადგილი შევარჩიე და დაველოდე მოვლენების განვითარებას.
ვიდეოკამერა 22:00-ს რომ 2 წუთი აკლდა, მაშინ ჩავრთე. მანქანების ნაკადი არ წყდებოდა, თუმცა უმეტესობა დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა.
ზუსტად 5 წუთში ისე დაიცალა ქუჩა, გაოცებული დავრჩი. ყველა მანქანა თითქოს სადღაც გაქრა და ქუჩა უცებ დაცარიელდა.
22:05 საათზე ცარიელი ავტობუსების კოლონამ ჩამიარა. როგორც ჩანს, ტრანსპორტი ზუსტად 22:00 საათამდე მუშაობს და შემდეგ მიდიან ფარეხში.

ქალაქის ცარიელ ქუჩებში სიარული არც ისე სასიამოვნოა. რაღაცნაირი შეგრძნებაა, ცოტა შიშიც გეუფლება, არა იმის გამო, რომ ვინმე რამეს დაგიშავებს, არამედ იმის გამო რომ ცუდი სანახავია ცარიელი ქუჩები და რომელიღაც საშინელებათა ფილმიდან სცენას გახსენებს.
რაღა თქმა უნდა, ყველა მაღაზია და ობიექტი დაკეტილია. ქუჩაში გადაადგილდებიან მხოლოდ საშვიანი მძღოლები და მიტანის სერვისის კურიერები.
მუშაობენ დიდი, ბრენდული ავტოგასამართი სადგურები. – მთელი ღამე მუშაობთ-მეთქი? ვკითხე ახალგაზრდა ბიჭს. – დიახ, სამთავრობო მანქანებსა და იმათ ვემსახურებით, ვისაც საშვი აქვთო.
ასევე, ღიაა ავტოგასამართ სადგურებზე არსებული მაღაზიები და ცნობილი ბრენდული მაღაზიების ქსელის ზოგიერთი ფილიალი და აფთიაქი.
ვისთვისო? იკითხავთ – მათთვის, ვისაც ღამით მოშივდება, მოსწყურდება ან რამე დასჭირდება მაღაზიიდან. – როგორ იყიდისო? – ამასაც იკითხავთ და გეტყვით, რომ მიტანის სერვისი მუშაობს მთელი ღამის განმავლობაში.
12-ის ნახევარზე კურიერების რიგი იყო „მაკდონალდსთან“.
11-ის ნახევარზე აბსოლუტური სიცარიელე იყო სადგურზეც, სადაც ამ დროს უამრავი ადამიანი ტრიალებს ხოლმე. ასევე სიცარიელე იყო დიდუბის სადგურზეც.

რამდენიმე ადგილი ვიცი, სადაც უსახლკარო და უპოვარი ადამიანები ღამეს ათევენ. იქაც არავინ დამხვდა – როგორც ჩანს, იმათაც გაითვალისინეს ახალი შეზღუდვა და გარეთ არ დარჩნენ.
სოციალურ ქსელში რამდენიმე ადამიანმა დაწერა, 10 საათი გახდა თუ არა, პოლიციელებმა ხელი მტაცეს, მანქანაში ჩამტენეს, განყოფილებაში მიმიყვანეს, დამაჯარიმესო. 2-საათ-ნახევარი ვიარე ქალაქში, უამრავმა საპატრულო ეკიპაჟმა ამიარა და ჩამიარა, მაგრამ არც ერთს არ გავუჩერებივარ. თუმცა, 11 საათამდე არც შემინიშნავს, რომ ვინმე ჰყოლოდათ გაჩერებული. ცოტა მოგვიანებით კი რამდენიმე ადგილზე შევესწარი, როცა მძღოლს ამოწმებდნენ, მაგრამ არც მანქანაში ჩატენილი მინახავს ვინმე და არც ჩხუბის ხმა გამიგონია, – მძღოლები მშვიდად ესაუბრებოდნენ პოლიციელებს და ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
მარჯვენა სანაპიროზე ავარიასაც შევესაწარი. ციცქნა „დაიჰაცუ“ „ტოიოტა პრიუსს“ იყო შეჯახებული და ევაკუატორზე ტვირთავდნენ ავტომობილებს.

სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია ეს ავარია, რადგან მძღოლები, რომლებიც გვიან ღამით გადაადგილდებიან, არ იცავენ საგზაო წესებს. უკვე შინ მიმავალმა, სანაპიროდან მუშთაედის ბაღისკენ რომ გადავუხვიე, გზაჯვარედინზე თეთრი „მიცუბიში“ „წითელს“ არ დაემორჩილა, მოსახვევიდან გამოვარდა და რომ არა ჩემი სწრაფი რეაქცია, ალბათ კარგადაც დამლეწავდა. გადავრჩი, მაგრამ ძალიან შევშინდი და იმ მძღოლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გადმოვიდა მანქანიდან და მკითხა, – წყალი ხომ არ გინდათ, გულის წვეთები ან ექიმის გამოძახებაო? მერე ბოდიშიც მომიხადა, – ქუჩები ცარიელია და ამიტომ „წითელზე“ არ გავჩერდიო. რომ დარწმუნდა, კარგად ვიყავი, გზა გააგრძელა.
ასე, ცხოვრობს დედაქალაქი ღამის საათებში. საქართველო გამონაკლისი არ არის. ღამის შეზღუდვები ევროპის არაერთ ქვეყანაში მოქმედებს და ალბათ ასე იქნება, სანამ კორონა საბოლოოდ არ დაგვემშვიდობება.






















