10:37 | 2020-11-11 ავტორი: Prime Time

რატომ ჩამოდის პომპეო – რას ამბობს თავად სახელმწიფო მდივანი და რა გავიგეთ ზალკალიანისგან ამ ვიზიტის შესახებ

რატომ ჩამოდის პომპეო – რას ამბობს თავად სახელმწიფო მდივანი და რა გავიგეთ ზალკალიანისგან ამ ვიზიტის შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ 13 ნოემბერს ტურნეში მიემგზავრება, რომლის ფარგლებში საქართველოს ეწვევა.

 

მაიკ პომპეომ საქართველოსა და კიდევ 5 ქვეყანაში დაგეგმილი ვიზიტის მიზანზე სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

“პარასკევს, მინდინარე კვირაში, საფრანგეთში, თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, ყატარში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში მივემგზავრები. მოლაპარაკებები განსხვავებული იქნება, თითოეულ ქვეყანაში ბევრი განსხვავებული საკითხია განსახილველი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ შემთხვევაში მოლაპარაკების დროს ყურადღება გამახვილდება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობასა და თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიმართულებით, ამ ადმინისტრაციის ისტორიულ ძალისხმევაზე”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

 

მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე.

 

ზალკალიანის თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი 17-18 ნოემბერს შედგება.

 

„ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პატრიარქს. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას და ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების, განვითარების და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ. ეს ვიზიტი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ წარმოადგენს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანს, რაც სრულიად ეხმიანება ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობას და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

 

მოგეხსენებათ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვქონდა უაღრესად ეფექტიანი თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა ძირითადი მიმართულებით. თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ხალხთა შორის ურთიერთობის გაღრმავება – ეს არის ყველა ის ძირითადი საკითხი, რა მიმართულებითაც ჩვენ ხელშესახები შედეგები.

 

ყველაფერი ეს აისახა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ერთობლივ განცხადებაში, ​მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმები, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ამ მხრივ იქნება მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო გაამყარებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას.

 

ბუნებრივია, ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად საკითხთან ერთად ჩვენ გვექნება საუბარი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და საქართველოს როლზე. ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო არის აშშ-ის მთავარი მოკავშირე რეგიონში და მნიშვნელოვანი დასაყრდენი. ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს სტაბილურობას რეგიონში და საქართველოს სტაბილურ განვითარებას ყველა მიმართულებით. ცხადია, ვიმსჯელებთ ასევე სამომავლო პრიორიტეტებზე და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავებაზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

სახელმწიფო მდივნის, პომპეოს ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში”, ოფიციალურ გვერდზე.

 

 

ავტორი: Prime Time

X