
გერმანელმა ვირუსოლოგებმა დაასკვნეს, რომ კორონავირუსი ზედაპირებიდან არ გადადის. ის ადამიანს შესუნთქვით ასნებოვნებს.
მათივე დასკვნის საფუძველზე დგინდება, რომ ძირითადად, ეს ვირუსი კლავს არა პნევმონიით, არამედ ფილტვის თრომბოზითა და ვენების დიფუზური თრომბოზით.
ამის მიუხედავად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე, ასპირინის, როგორც სისხლის გამათხელებლის მიღებას, ექიმები კოვიდინფიცირებულებს არ ურჩევენ.
პროფესორი, ექიმი-თერაპევტი და ჯანდაცვის სპეციალისტი, მაკა ბულეიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ სისხლის საერთო ანალიზის და დედიმერის განსაზღვრის გარეშე, გამათხელებლები არ მიიღება.
“კორონავირუსს ახასიათებს თრომბოემბოლიური გართულებები. სისხლის მიმოქცევის დარღვევას და სისხლის შედედებას იწვევს. ის ისევე სწრაფად ვითარდება, როგორც პნევმონია. ასეთ დროს ჟანგბადის მიწოდება, სისხლის მიმოქცევა დარღვეულია და თავისთავად თრომბოლიური წარმოქმნის ხარისხი მატულობს” – აცხადებს მაკა ბულეიშვილი.
ვინაიდან ჰოსპიტალური სექტორი გადავსებულია და როგორც ექიმები ამბობენ, უკვე სკამიც არ არის თავისუფალი, სახლში მკურნალობას ბევრი ადამიანი გადის. ბუნებრივია, მათ უფრო ეშინიათ, რაიმე არ გამოეპაროთ, სხეულის ვირუსთან ბრძოლის დინამიკას მიყურადებულნი არიან.
პროტოკოლი შეიცვალა და ყველა პაციენტს, ვინც სახლში უნდა გაატაროს ვირუსთან ბრძოლის დღეები, ექიმები დეტალურად გამოკითხავენ ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისტორიას. ასევე გაკეთდება სისხლის საერთო ანალიზი და დედიმერის განსაზღვრა, რომელიც აჩვენებს, ხომ არ არის პაციენტი რისკჯგუფში, რომ თრომბოემბოლიური გართულება არ წავიდეს.
მაკა ბულეიშვილი: – რაიმე რომ არ გაიპაროს, დეტალურად უნდა გამოკითხოს პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობა. რამე გენეტიკური დაავადება ხომ არ არის, ქრონიკული დაავადება ხომ არ აქვს. ბევრს აქვს ვარიკოზული დაავადება, შედედება, გულის უკმარისობა და კარდიოლოგიური პრობლემები, ჩადგმული აქვს სტენტი.
ეს გამოკითხვა მანამდეც უნდა ჩატარებულიყო. არ შეიძლება ოჯახის ექიმმა სკურპულოზურად არ გამოიკითხოს პაციენტის დაავადებების შესახებ. მხოლოდ სიმპტომების გამოკითხვით და მაღალი სიცხის დროს, პარაცეტამოლის დალევაზე გაცემული რჩევით, ვეღარ გავდივართ ფონს. ანამნეზის შეგროვებაა საჭირო, რაც თერაპიის და მედიცინის ერთ-ერთი მთავარი წამყვანია. საერთოდ ყველა დაავადების მართვაში უმნიშვნელოვანესია წარსულის ისტორია, რა გადაუტანია ადამიანს.

რაც შეეხება კვებას და სითხეებს. შეიძლება პაციენტს ჰქონდეს სიმსუქნე, დიაბეტი და იმდენი შაქრიანი სითხე მიიღოს, რომ გლუკოზის დონე აიწიოს. ბევრი ლიმონის მიღებისას კუჭის დაავადებებიც გასათვალისწინებელია. ლიმნიანი ჩაი და წყალი ძალიან კარგია. მაგრამ არა დიდი ოდენობით.
სითხე დღეში ორ ლიტრამდე უნდა მივიღოთ, ეს აუცილებელია. ამ ორ ლიტრში წყალი მეტი წილი, ჩაი და სახლში მომზადებული კომპოტი შედის. კომპოტი სასურველია ნაკლებად დაშაქრული. მე რეკომენდაციას უშაქრო კომპოტსაც ვუწევ, ხილისაა და ვიტამინიზირებულია.
ყავა ნაკლები ოდენობით. ამ ორ ლიტრში ყავა არ უნდა ჭარბობდეს წყალს და სხვა სითხეს.
ვისაც გულის დაავადებები აქვს, თირკმლის უკმარისობა და პროსტატის პრობლემები აქვს, ასეთ დროს სითხის ჭარბი ოდენობის მიღება არ არის რეკომენდებული. გულის უკმარისობიან პაცენტებში, ჭარბა სითხემ, შეიძლება შეგუბება გამოიწვიოს.
საკვები: კარგია ხორცი, თევზი, ბულიონები. ხილი ცოცხლად, მოთუშული სახით. ბოსტნეული – სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, ბროკოლი. ალერგიული თუ არ არის პაციენტი, კვერცხი უნდა მიირთვას.
შებოლილი პროდუქტის მიღება მიზანშეწონილი არ არის. ბოლო დროს ღებინების შეგრძნება შედის კოვიდპაციენტთა სიმპტომებში. ამიტომ არაჯანსაღი პროდუქტი ამ დროს არ მიიღება.
ხშირია სახსროვანი ტკივილები. ამ დროს წყლის მიღება აუცილებელია.

უნდა აკეთოთ მსუბუქი ვარჯიშები. აუცილებელია. დღეში ორჯერ მაინც. კარგია, მსუბუქი ძუნძული.
ჩაბერვებით ფილტვების ვარჯიში უნდა შეასრულოთ. თუ ბუშტი არ გაქვთ, წვენის საწრუპი ჩაყავით წყლიან ბოთლში და შიგნით ჩაბერეთ.
გააკეთეთ ღრმად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. დღეში სამჯერ. გულისწასვლამდე არ გადაიძაბოთ თავი.
ბავშვები ისედაც მოძრავები არიან. თუმცა პედიატრის რჩევები აუცილებელია. კარგი კვება აუცილებელია.
![]()






















