13:49 | 2020-11-16 ავტორი: Prime Time

ტოვებენ თუ არა პოლიტიკურ ველს არჩევნებში დამარცხებული ლიდერები

ტოვებენ თუ არა პოლიტიკურ ველს არჩევნებში დამარცხებული ლიდერები

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რამდენიმე პოლიტიკოსმა პოლიტიკიდან წასვლა იმ შემთხვევაში დაანონსა, თუ ისინი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებდნენ. ასეთი პოლიტიკოსი იყო, მაგალითად, პარტია „სამართლიანობისთვის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

 

ნახეთ, რას ამბობდა ბესელია არჩევნებამდე:

 

“თუ ჩემი ახალი პარტია არჩევნების შედეგად პარლამენტში ვერ შევა, მე პოლიტიკიდან წავალ. მე ამ პარტიით მინდა ამ ქვეყანაში ბრძოლა სამართლიანი სასამართლოსთვის თანამოაზრეებთან ერთად. თუ ეს მიზანი ვერ მივიყვანე ბოლომდე, მე ვერ ვხედავ ჩემს ადგილს პოლიტიკაში. შეიძლება სხვა ფრონტიდან ვიბრძოლო.

 

ზუსტად ვიცი რისთვის ვიბრძვი, ვიცი როგორ მივიდე და ბევრი ადამიანია საჭირო ამისთვის. ბევრი ადამიანი მეიმედება და ბევრი ასეთი ადამიანი უნდა იყოს პოლიტიკაში, რომ მიზანს მივაღწიოთ”, – განაცხადა ბესელიამ.

 

საპარლამენტო არჩევნებში ეკა ბესელიას პარტიამ „სამართლიანობისთვის“ 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

 

არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ, ტოვებს თუ არა ბესელია პოლიტიკას?

 

ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარეს მიმართა.

 

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარებულა, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით, გადაწვეტილებას მაშინ მიიღებს, როცა ქვეყანაში ლეგიტიმური არჩევნები ჩატარდება.

 

„როცა სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და ჩემს ხმებს კობახიძე და ივანიშვილი არ მოიპარავს და გავიგებთ რეალურად, ვინ რამდენი ხმა მიიღო, აი, ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ბესელიამ.

 

 

 

საპარლამენტო არჩევნებში შესაძლო წარუმატებლობის შემთხვევაში, პოლიტიკიდან წასვლა დაანონსა კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

მისივე თქმით, თუ ამომრჩეველი მანდატს არ გაძლევს, მაშინ „შენი გზა სხვაგან უნდა მონახო“.

 

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია, ის გამოთქმა ვიხმაროთ -„ნიახური ხომ არა ხარ, მეორედ მოხვიდეო,“- აღნიშნა ოქრუაშვილმა.

 

აპირებს თუ არა ოქრუაშვილი პოლიტიკის დატოვებას?

 

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით, გადაწვეტილება, ჯერჯერობით, არ მიუღია.

 

„აუცილებლად გაგაგებინებთ, თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებ“,- განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

 

 

გარკვეული პირობის შემთხვევაში, პოლიტიკიდან წასვლა დაანონსა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემაც.

 

მისი თქმით, თუ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები: ლევან კობიაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ქადაგიშვილი არჩვნებს წააგებენ, ის პოლიტიკას დატოვებს.

 

„გუშინ დაიდო მონაცემები ე.წ. IPSOS-ის, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი არჩევნებს იგებენ პირველ ტურში, მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ, თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან:

 

კობიაშვილი გლდანში, სოზარ სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის ოლქში თუ რომელიმე ერთი მათგანი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, მე პოლიტიკიდან წავალ. ხოლო თუ სამივე მოიგებს, შევთანხმდეთ, რომ ნიკა გვარამია ქართული მედიიდან და პოლიტიკიდან წავიდეს“, – აღნიშნა არჩევნებამდე კობახიძემ.

 

აღსანიშნავია, რომ გლდანის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ნიკა მელია ლიდერობს. მცირედი სხვაობით მას „ქართული ოცნების“კანდიდატი, ლევან კობიაშვილი მოყვება. არცერთ კანდიდატს არ აქვს ხმების 50%-ზე მეტი, შესაბამისად, გლდანში მეორე ტური გაიმრთება.

 

ხმები ასე გადანაწილდა:

 

  • ნიკა მელია — 43,88%;
  • ლევან კობიაშვილი — 42,69%;

 

ისნის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი, კახა კახიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ხატია დეკანოიძე იბრძოლებენ.

 

შედეგები ასე გადანაწილდა:

 

  • კახა კახიშვილი – 46,72%;
  • ხატია დეკანოიძე – 27,23%;

 

ასევე, მეორე ტური გაიმართება ლაგოდეხი-ყვარელი-თელავი-ახმეტას ოლქში.

 

ხმები ასე გადანაწილდა:

 

  • ირაკლი ქადაგიშვილი –— 45%;
  • გიორგი ბოტკოველი — 42%;

 

წავა თუ არა პოლიტიკიდან ირაკლი კობახიძე, ეს საკითხი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გადაწყდება.

 

შეგახსენებთ, არჩევნებში 1%-იანი ბარიერის გადალახვა და საპარლამენტო მანდატების მოპოვება 9 პარტიამ შეძლო, ეს პარტიები არიან:

 

„ქართული ოცნება“ – 48.15%;

„ნაციონალური მოძრაობა“ – 27.14%;

„ევროპული საქართველო“ – 3.78 %;

„სტატეგია აღმაშენებელი“ – 3.15 %;

„ლელო“– 3.15%;

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3.14 %;

„გირჩი’ – 2.89 %;

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1.33 %;

„ლეიბორისტული პარტია“  – 1 %;

 

2020 წლის საპრლამენტო არჩევნები

 

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, 120:30-ზე პროპორციით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ პარლამენტს 30 მაჟორიტარი ეყოლება, 120 კი პარტიული სიებით დაკომპლექტდება.

 

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენდა. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა.

 

ხმის მიცემის უფლება საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს ჰქონდა, როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

ავტორი: Prime Time

X