19:56 | 2020-11-16 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

თბილისში კორონამ დედა და 2 შვილი იმსხვერპლა

თბილისში კორონამ დედა და 2 შვილი იმსხვერპლა

გუშინ, თბილისში ტრაგედია დატრიალდა. Covid 19-მა ერთი ოჯახის სამი წევრი იმსხვერპლა.

 

გეოლოგი დარეჯან მღებრიშვილი 65 წლის იყო. მისი ძმა 51-ის დედა – 95 წლის. ჯერ მოხუცი ქალბატონი დაიღუპა, რამდენიმე დღეში – დარეჯანი, მისი ძმა კი, მიწას დღეს მიაბარეს.

დარეჯანი დედასთან და ძმასთან ერთად

 

 

 

რამდენიმე თვის წინ, დარეჯანთან ინტერვიუ საორგანიზაციო ჯგუფმა „ქალები საქართველოდან“ გამოაქვეყნა.

 

ქალბატონი საკუთარ თავზე, პროფესიაზე და ოჯახზე საუბრობდა…

 

„დარეჯანს ძალიან უყვარდა ბუნება და მთაში ხშირად დადიოდა. განსაკუთრებით იმ საქმე ეთაყვანებოდა, რასაც მთელი ცხოვრება ემსახურა. საინჟინრო და ჰიდრო გეოლოგიას სწავლობდა, თუმცა საინჟინრო გეოლოგიის მიმართულებით წავიდა. სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა საკუთარი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების კომპანია.

 

საქქალაქმშენში“ მუშაობდა, მერე 90-იან წლებში, როცა ყველაფერი აირია, იმ პერიოდში ყინწვისის, ფოკისა და ბოდბის მონასტრების პროექტებზე იმუშავა.

 

დედამისმა 44 წლის ასაკში გააჩინა მესამე შვილი. დარეჯანისთვის და მისი უფროსი ძმისთვის, რომელიც მაშინ უკვე 20 წლის იყო, ეს ამბავი ძალიან დიდი და მოულოდნელი სიხარული იყო. არ ელოდა, რომ ბავშვი დაუნის სინდრომით დაიბადებოდა.

 

დარეჯანმა საკუთარი ოჯახი არ შექმნა. მთელი ცხოვრება პაატას მიუძღვნა და 50 წელს გადაცილებულ უმცროს ძმაზე პატარა ბავშვივით ზრუნავდა. მისი საზრუნავი ყველა იყო, განსაკუთრებით კი ძმა 90 წელს გადაცილებული დედა და დეიდა.

 

„პრაიმტაიმი“ დარეჯან მღებრიშვილის ოჯახის ახლობელს, მარიკა მორჩილაძეს ესაუბრა.

 

„ტრაგედიაა, როცა ადამიანი იღუპება და მით უმეტეს ერთი ოჯახის სამი წევრი…

 

დარეჯანი დეიდაჩემი იყო… სახლში მასთან და პაატასთან ერთად მათი დედა, მარგო ბებო ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ პაატა 50 წელს გადაცილებული იყო, მთელ სანათესაოს ბავშვივით გვყავდა. ფაქტობრივად დარეჯანმა გაზარდა.

 

მარგო ბებო ასაკიდან გამომდინარე რისკჯგუფში იყო. პატიკოს სუსტი იმუნიტეტი ჰქონდა… დარეჯანს არაფერი აწუხებდა, არც ქრონიკული და არც თანმხლები დაავადება. არაფერი ჰქონდა საიმისო, რომ ამ დაავადებას გადაჰყოლოდა…

 

დეიდაჩემი ძალიან შრომისმოყვარე და ენერგიული ქალი იყო, სულ გადარბენა ჰქონდა. პროფესიით გეოლოგი გახლდათ. მას არ უყვარდა საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ბევრისგან გამიგია, რომ საუკეთესო სპეციალისტი იყო. რესტავრაციაც იცოდა და სოლოლაკის რეკონსტრუქციაში აქტიურად იყო ჩართული, ბევრ პროექტში მიიღო მონაწილეობა.

 

პირველად დარეჯანი დაინფიცირდა, ვერ გაიგო, სად და ვისგან. მისგან გადაედო პატიკოს და დედამისს. სანამ ტესტები გაიკეთეს და სანამ პასუხები მოვიდა, დროში გაიწელა. იმდენად მძიმე იყო მათი მდგომარეობა, რომ სამივეს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა.

 

სამივე რეანიმაციაში მოათავსეს. მარგო ბებო 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. დარეჯანი – 30 რიცხვში. გუშინ დილით დაგვირეკეს, რომ პატიკოც გარდაიცვალაო, დღეს დავკრძალეთ… ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ ვერ გაიგეს ერთმანეთის გარდაცვალება.

 

თავიდან ყველას სიცხით დაეწყო, მერე პნევმონიაში გადავიდა და ისე დამძიმდნენ, რომ აპარატზე იყვნენ შეერთებულები.

 

მარგო ბებო სხვა კლინიკაში იწვა, დარეჯანი და პატიკო ერთ საავადმყოფოში. სულ გვქონდა კომუნიკაცია. ბოლო პერიოდში საუბარი უჭირდა…

 

პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოგეხსენებათ დაკრძალვის წესები შეცვლილია. სამივე მათგანი იმ დღესვე დავკრძალეთ. თანაც ისე, რომ ოჯახის წევრებს მიცვალებულებიც არ გვინახავს…

 

დარეჯანს კიდევ ერთი ძმა ჰყავს, რომელიც ასევე კოვიდინფიცირებული იყო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ახლა უკეთაა და სახლშია, თვითიზოლაციაში.“- ამბობს მარიკა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X