00:25 | 2020-03-22 ავტორი: ანეტი მიქელაძე

დამსაქმებელი სახლიდან მუშაობის უფლებას არ მაძლევს, რა ვქნა? – ექსპერტის პასუხი

დამსაქმებელი სახლიდან მუშაობის უფლებას არ მაძლევს, რა ვქნა? – ექსპერტის პასუხი

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ბევრმა ქართულმა კომპანიამ და ორგანიზაციამ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა ყველამ არა. ზოგს მაინც უწევს სამსახურში სიარული, რის გამოც რისკის ქვეშ აგდებს საკუთარ თავს და შესაძლოა გარშემომყოფებსაც. 21 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

 

რა გავაკეთო თუ მე მსურს თვითიზოლაციის რეჟიმზე გადასვლა, მაგრამ დამსაქმებელი ამის საშუალებას არ მაძლევს – ამ საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს და შრომითი დავების ექსპერტს რაისა ლიპარტელიანს გაესაუბრა.

 

„საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს შრომითი უფლებების შეზღუდვას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამსაქმებელმა უნდა შეზღუდონ შრომითი უფლებები. აქ არის სახელმწიფო შეზღუდვაზე ლაპარაკი, რომელიც ისედაც იყო ოღონდ სარეკომენდაციო ხასიათის, რაც გულისხმობს იმას, რომ სადაც შესაძლებელია, ადამიანები გადასულიყვნენ დისტანციურ მუშაობაზე.

 

დისტანციური მუშაობის პირობებში უფლებრივი თვალსაზრისით, ზუსტად ანალოგიურ მდგომარეობაში უნდა იყვნენ დასაქმებულები, როგორც იყვნენ მანამდე, ერთადერთი განსხვავებაა მუშაობის სპეციფიკა და რეჟიმი – თუ მანამდე მუშაობდნენ დაწესებულებებში, ახლა ისინი მუშაობენ სახლიდან. თვითონ ის პრაქტიკები, რომლებიც განვითარდა უკვე და ზოგი საერთოდ გაუშვეს სახლში ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, არც კომპენსაციები მისცეს, არც შვებულება დაარქვეს, რა თქმა უნდა, ეს არის დარღვევა და არც საგანგებო რეჟიმი და არც პანდემია არ აძლევს დამსაქმებელს საშუალებას რომ ასე მოიქცეს“, – განმარტავს ექსპერტი.

 

აქვს თუ არა დამსაქმებელს უფლება, უარი მითხრას დისტანციურ მუშაობაზე?

 

გააჩნია სპეციფიკას, თუ კი ისეთი სპეციფიკაა, რომ გამორიცხავს დისტანციურს, შეიძლება ამუშაოს. მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული საგანგებო რეჟიმი. მაგალითად სუპერმარკეტებში, მიუხედავად მიტანის სერვისისა, ადამიანები დისტანციურად ვერ მუშაობენ, მაგრამ როდესაც ამუშავებენ ადამიანებს, უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ უსაფრთხოების წესები იყოს დაცული და დასაქმებული უზრუნველყოფილი იყოს ხელთათმანებით, ხსნარებით და სხვა საჭირო ნივთებით. შეიძლება ეს იყოს არამხოლოდ პერსონალური თავდაცვის საშუალებები არამედ კოლექტიური, მაგალითად ბანკებში კლიენტებსა და თანამშრომლებს შორის მინები გააკეთეს, რათა კონტაქტის არეალი შემცირდეს.

 

საგანგებო რეჟიმის პირობები კერძო და საჯარო სექტორშიც ერთნაირად ვრცელდება?

 

რეალურად საგანგებო რეჟიმით ქვეყანაში თვისობრივად არაფერი შეცვლილა, ანუ რასაც აქამდე მთავრობა ამბობდა იყო სარეკომენდაციო ხასიათის და მაგალითად კაფეებსა და ბარებს შეეძლოთ არ გაეთვალისწინებინათ ეს, მაგრამ გაითვალისწინეს. როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა და არამხოლოდ კომპანიები, არამედ ადამიანებიც არ იცავდნენ შესაბამის შეზღუდვებს. დაინახა სახელმწიფომ, რომ მექანიზმის ჩართვის საჭიროება არსებობს, რომელიც აიძულებს მის შესრულებას. ანუ, თუ კი არ ითვალისწინებდა ადამიანი ან კომპანია რეკომენდაციებს აქამდე, ეს უკვე არის სავალდებულო და შესაბამისი სანქციებიც ამოქმედდება. ეს არის უკვე მოთხოვნა კერძოსა და საჯარო სექტორზეც.

 

დამსაქმებელი მეუბნება, რომ დისტანციურად მუშაობის დროს, ვერ შევასრულებ დავალებულ საქმეს სათანადოდ

 

თუ ისეთი ტიპის სამუშაო გაქვთ, რომ შეგიძლიათ თავისუფლად იმუშაოთ თვითიზოლაციის რეჟიმში, ეს არ გულისხმობს რომ არ ვაკეთოთ არაფერი. შრომით კოდექსში არის პირდაპირი მითითება, რომ დისტანციურზეც აქვთ ვალდებულება დასაქმებულებს. თუ კი გარემოება მოითხოვს, რომ სამსახურში მივიდეს, უნდა გამოცხადდეს სამსახურში. სამუშაო საათებთან დაკავშირებით, სამუშაო დრო არის ხელშეკრულების პირობა და თუ კი მას ცვლით, საჭიროა შეთანხმება.ასეთ სიტუაციაში დასაქმებულმა შეიძლება მოითხოვოს და შეუძლია გადავიდეს ნაწილობრივ მუშაობაზე და სხვა რეჟიმზე შეთანხმების შემდეგ. ეს რეალურად ძალიან კარგი დროა იმისათვის, რომ ორმხრივი მოლაპარაკებების კულტურა დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის, რომელიც რეალურად არ არსებობს საქართველოში განვითარდეს და ყველა ინდივიდუალური შემთხვევა განიხილონ.

 

რა შემთხვევაში აქვს უფლება დამსაქმებელს, რომ ხელფასი არ გადამიხადოს?

 

ეს არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მუშაობთ. სხვა შემთხვევაში არ აქვს უფლება, რომ არ გადაგიხადოთ. თვითიზოლაციის მოწოდებებით რომ გამოვიდნენ მარტის დასაწყისში, მაშინვე გამოვედით ამის თაობაზე რეკომენდაციით, რომ თვითიზოლაციისკენ მოწოდება არ არის საკმარისი. ეს ნიშნავდა, რომ ამ პერიოდში არ აუნაზღაურდებათ ადამიანებს ხელფასი. თუ არ აუნაზღაურებდა ეს წაახალისებდა ადამიანებს, რომ თვითზიოლაციის რეჟიმისკენ არ მიემართათ. ამიტომ არსებობს შრომის მინისტრის ბრძანება, რომელიც არეგულირებს დროებითი შრომის უუნარობის წესს. მაგალითად, კარანტინი არის იმის საფუძველი, რომლის შემდეგაც ბიულეტენი გაიცემა და ჩვენი მოწოდებით, თვითიზოლაცია გაუთანაბრეს კარანტინის და დროებითი შრომის უუნარობის მდგომარეობას. თუ კი ადამიანი თვითიზოლაციაშია, მას აქვს საშუალება მიმართოს შრომის სამინისტროს. ის გასცემს ცნობას და ამ ცნობის საფუძველზე, როგორც ბიულეტენი ნაზღაურდება, ასევე ანაზღაურდება ეს ორკვირიანი თვითიზოლაციის პერიოდიც. მთავარია, რომ დასაქმებულმა გააგებინოს სამინისტროს და მერე უნდა წარადგინოს საავადმყოფოს ფურცელი და შემდეგ კი ხდება ანაზღაურება. ეს რომ არ ყოფილიყო ადამიანი არ გავიდოდა თვითიზოლაციაში.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X