13:50 | 2020-11-17 ავტორი: Prime Time

ცოცხალი ჯაჭვი ოპერიდან ფილარმონიამდე – რა გეგმები აქვს ოპოზიციას პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით

ცოცხალი ჯაჭვი ოპერიდან ფილარმონიამდე – რა გეგმები აქვს ოპოზიციას პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით

18 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მდუმარე აქციით შეხვდება. ასეთი პოლიტიკური სვლით ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს კიდევ ერთხელ აპროტესტებს და არჩევნების ხელახლა გამართვას ითხოვს.

 

რა გეგმები აქვს პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით, ოპოზიციას

 

 

როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, ხვალ პოლიტიკოსები სიტყვით არ გამოვლენ და პომპეოს საკუთარ სათქმელს ტრაფარეტების საშუალებით ეტყვიან.

 

„ჩვენი მიზანი არის მშვიდობიანი, მდუმარე აქციის გამართვა, ჯაჭვის გაკეთება ოპერიდან ფილარმონიამდე. საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები. ამ არჩევნებს ლეგიტიმურობა არ აქვს.

 

ხვალ არ იქნება სიტყვით გამოსვლა, ტრაფარეტებით ხელში ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ჩვენს სათქმელს ვეტყვით. ეს არის სიმბოლური აქცია და დამატებითი გზავნილი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებს მისამართით“, – განაცხა კაპანაძემ.

 

ოპოზიციის მოლოდინი – როგორ აღიქვამს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მდუმარე აქციას

 

კაპანაძის განცხადებით, პომპეო მათ მიერ ორგანიზებულ აქციას პოზიტიურად აღიქვამს.

 

“ამ აქციის აღქმა სხვა არ შეიძლებ იყოს, გარდა პოზიტიურისა. ჩვენი პარტიის პოზიცია უცვლელია, „ევროპული საქართველო“ პარლამენტში შესვლას არ აპირებს. მოლაპარაკება მიდის „ქართულ ოცნებასთან“ და ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენი მოთხოვნა არის ხელახალი არჩვენების ჩატარება“, – განაცხადა კაპანაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ ხვალინდელ მდუმარე პროტესტს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა შეუერთდება. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს დაურიგდებათ „სტიკერები“, რომლებზეც ეწერება „გაყალბებულია.

 

რატომ ჩამოდის პომპეო საქართველოში

 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მაიკ პომპეო კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მთავრობას მოუწოდებს დემოკრატიულ რეფორმების შემდგომი პროგრესისკენ.

 

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თბილისში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს – სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს – გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს – დავით ზალკალიანს. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომეპო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა.

ავტორი: Prime Time

X