
17-18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრეზიდენტს – სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს – დავით ზალკალიანს, პრემიერ-მინისტრს – გიორგი გახარიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს – ილია II-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, ორბელიანების სასახლეში შედგა. შეხვედრის დროს მაიკ პომპეომ შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა.
პრეზიდენტთან შეხვედრაზე პომპეომ საქართველოს მიერ გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილ წვლილზეც ისაუბრა და ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა.
„სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა“,- ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მდივანი პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს.
პომპეომ შეხვედრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია რეგიონში აშშ წარმომადგენლობის გაძლიერება.
“ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების, ასევე ამ რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა”, -განაცხადა პომპეომ.
სახელმწიფო მდივანს, პრემიერმინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შორის შეხვედრისას მაიკ პომპეომ ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზეც.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი და ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ასპექტი შესაბამისად მოვინიშნეთ. ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია.
მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაფასებ ამ შესაძლებლობას და მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.
სახელმწიფო მდივანმა პანდემიაზე, ეკონომიკურ კრიზისზე და მასთან გამკლავების პროცესში თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ და საქართველო პანდემიას ერთად გაუმკლავდება.
“პანდემიას ერთად გავუმკლავდებით, ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის”, – განაცხადა პომპეომ.
თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერებაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრისას.
„რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის ახალი კორონავირუსის დაძლევის საქმეში. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს ლუგარის ლაბორატორიის სახით, რომელიც მეტად საკვანძო ასპექტია ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. უპირველეს ყოვლისა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნამდვილად ვაფასებთ შეერთებული შტატების ხალხისა და მთავრობის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
კარგად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, რადგან საოკუპაციო ძალები კვლავ არიან განთავსებული ჩვენს მიწაზე. ჩვენ ვიცით, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა უპირველეს ყოვლისა ეფუძნება ფასეულობებს – თავისუფლებას, დემოკრატიას და რა თქმა უნდა, საერთო გეოსტრატეგიულ ინტერესებს.
რეგიონისთვის ამ ძალიან ცვალებად დროში ვაცნობიერებთ, რომ ეს საკითხებია განსახილველი. ძალიან კარგი შესაძლებლობა გვეძლევა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხებზე თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად ვგრძნობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების, ასევე ამ რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობას გიხდით საქართველოში ვიზიტისთვის“, – მიმართა გიორგი გახარიამ მაიკლ პომპეოს.

შეხვედრა შედგა საპარტიარქოშიც, სადაც მაიკ პომპეომ და ილია II-მ მსოფლიოში რელიგიის განვითარების მხარდაჭერის კუთხით საქართველოს როლზე ისაუბრეს.
„სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით“, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიზიტის ბოლოს სახელმწიფო მდივანმა შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. პომპეომ შეხვედრისას ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლზე კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში. თუმცა სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამ მხრივ საქართველოში გასაკეთებელიმ კიდევ ბევრია და აშშ მზადა მხარდაჭერის გასაგრძელებლად.

„სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში.
თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად. შეხვედრაში ჩართული იყო საქართველოში მოღვაწე მრავალი პროფესიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი, მათ შორის: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.






















