12:02 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

პოლიცია განაგრძობს საგანგებო რეჟიმში 24-საათიან მონიტორინგს – ვაჟა სირაძე

პოლიცია განაგრძობს საგანგებო რეჟიმში 24-საათიან მონიტორინგს – ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიცია განაგრძობს საგანგებო რეჟიმში 24-საათიან მონიტორინგს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, გრძელდება მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე.

 

„საპატრულო პოლიციის საზღვრის მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს მესაზღვრე კონტროლირებას კვლავ განაგრძობენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მკაცრ კონტროლს და საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები დაიშვებიან, რომლებიც სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარებიან“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს. შეზღუდვა გავრცელდება ეკლესიებში მრევლის შეკრებაზეც.

ავტორი: Prime Time

X