14:46 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

მეუფე გრიგოლი – დაგვიკავშირდით და ჩვენი სამღვდელოება სახლში მოვა და იქ გაზიარებენ

მეუფე გრიგოლი – დაგვიკავშირდით და ჩვენი სამღვდელოება სახლში მოვა და იქ გაზიარებენ

მე გპირდებით და გეუბნებით – ვინც გაითვალისწინებს კურთხევას, საკუთარ თავსაც მოერიდება, გაითვალისწინებს იმ უსაფრთხოების წესებს, დაგვიკავშირდით და ჩვენი სამღვდელოება სახლში მოვლენ და იქ გაზიარებენ, – ასე მიმართა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ფოთის მთავარ საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.

 

მისივე თქმით, თუ მორწმუნეები თხოვნას არ გაითვალისწინებენ, სამღვდელოება იძულებული გახდება, წირვა ნათლისღების ეკლესიის ეზოში ჩაატაროს, სადაც მხოლოდ 5 ადამიანი ეტევა.

 

„რამდენი ადამიანი ეზიარება და რა სიხშირით ეზიარება? მე გპირდებით და გეუბნებით – ვინც გაითვალისწინებს კურთხევას, საკუთარ თავსაც მოერიდება, გაითვალისწინებს იმ უსაფრთხოების წესებს, დაგვიკავშირდით და ჩვენი სამღვდელოება სახლში მოვლენ და იქ გაზიარებენ. არც ისე ხშირად ვეზიარებით ხოლმე ჩვენ, რომ მაინცდამაინც ეხლა ყოველდღიურად მოგვინდეს და ყოველ წირვაზე ზიარება.

 

ზოგი მარტო აღდგომაზე მოდის, ზოგი მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ეზიარება და ჩათვალეთ, რომ ჩვენი მარხვა ის არის, რომ შევასრულოთ ეს კურთხევა, რასაც გეუბნებით. თუ ხედავ, რომ ტაძარში გაშლილად ხარ და მაინც ერთნამეთის სიახლოვეს გიწევს დგომა, თავად, თავის შეგნებით შეუძლია გავიდეს და გარეთ არის ხმის გამაძლიერებლები, ხმა ისმინება და არის ამის ყველა საშუალება, თუ თქვენ არ გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას, ჩვენს კურთხევას, ჩვენს დავალებას, იძულებულები ვიქნებით ნათლისღების ეკლესია რომაა ეზოში, გალავანში, იქ ჩავატაროთ წირვები, სადაც 5 კაცზე მეტი არ ეტევა. მაშინ დავდგებით და გარედან მოვისმენთ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს.

 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ეკლესია კვლავ გააგრძელებს წირვა-ლოცვებს.

 

საკვირაო წირვა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით ჩატარდება – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

 

„საკვირაო წირვა ახალი რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდება და ეს რეკომენდაცია მრევლს შორის დისტანციის დაცვაა. ვიზრუნებთ იმაზე, რომ მრევლს ეს ავუხსნათ. ეს ზომა მიღებული არის გარკვეული მიზნის მისაღწევად. სრულიად ალოგიკურია, რომ 20 კვადრატულ მეტრში და ორიათასშიც ერთი რაოდენობის ადამიანზე იყოს საუბარი. მიზანი არის ის, რომ დისტანცია იყოს დაცული და თუ ეს შესრულდება, არც ღვთისმსახურებას შეეშლება ხელი და არც რეკომენდაციას დავარღვევთ“ – განაცხადა მამა ანდრიამ.

 

 

ავტორი: Prime Time

X