
თამილა კილასონია 2002 წლიდან ბელგიაში ცხოვრობს, ოჯახით. ჰყავს მეუღლე – გაგი ალავერდაშვილი, ორი შვილი და შვილიშვილი. „მთელი ცხოვრება ციბრუტივით ვტრიალებ, დრო არასოდეს მქონდა და ახლა, პანდემიის პერიოდში იმდენი დრო გამომიჩნდა, სად წავიღო არ ვიცი. ერთ დღეს, ასე უსაქმოდ მყოფს, მომინდა,რომ დამეხატა და დავიწყე კიდეც, გასართობად“. – თქვა მან „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.
თავგადასავლებით, უამრავი განსაცდელით სავსე ცხოვრება გაიარა. დაამარცხა ორი ისეთი დაავადება, რომელთან გამარჯვებაც წარმოუდგენელია. ახლა ხატავს და საკმაოდ კარგ ნამუშევრებს ქმნის.
– როცა საქართველოში ყველას ძალიან უჭირდა, მაშინ დავტოვე სამშობლო და ოჯახთან ერთად ბელგიაში ჩამოვედი. ბავშვები მაშინ პატარები იყვნენ. სკოლა აქ დაამთავრეს და სწავლაც აქ განაგრძეს.
ახლა ვცხოვრობთ პატარა და ლამაზ ქალაქში – კორტრიკში. უძველესი, ძალიან მშვიდი ქალაქია. დღისით ქუჩაში ადამიანებს იშვიათად თუ ნახავ. დილით, სამსახურში წასვლისა და უკან დაბრუნების დროს თუ დადიან ქუჩაში. აქაურების უმეტესობა ვალოსიპედით გადაადგილდება, მანქანასაც იშვიათად შეხვდები. ყველა ერთმანეთს იცნობს და ქუჩაში რომ გადიხარ, იმდენჯერ გიწევს გამარჯობის თქმა, რომ ვერ დაითვლი. აქ ნიდერლანდურად ვლაპარაკობთ, მაგრამ ენაში შერეულია გერმანული, ფრანგული, ინგლისური სიტყვებიც.

წლების განმავლობაში ველოდით საბუთებს, რომელიც ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მოგვცემდა და ეს უფლება მივიღეთ. ამის შემდეგ უფრო გაგვიიოლდა ცხოვრება. ჩემმა მეუღლემ ქალაქის მერიაში დაიწყო მუშაობა, ამასობაში ბავშვებიც გაიზარდნენ. გოგონა გათხოვდა ბელგიელ მამაკაცზე. ძალიან კარგი ადამიანია, ხასიათით ქართველს ჰგავს, გულით შევიყვარეთ ყველამ. ვაჟმა ქართველი გოგონა შეირთო და ერთი შვილი ჰყავთ – მატეო. როგორც ქართველებს გვჩვევია, მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობდით ვაჟთან და მის ოჯახთან ერთად.
საკმაოდ დიდი სახლი გქონდა და თავისუფლად ვეტეოდით ყველა. ოჯახის დიასახლისი ძირითადად მე ვიყავი, რადგან ისეთი სამსახური მქონდა, მთელი დღე იქ ყოფნა არ მიწევდა და ისე ხდებოდა, რომ ყველაზე ადრე შინ მე ვბრუნდებოდი. რა თქმა უნდა, ვერავის დაველოდებოდი, რომ საქმე გაეკეთებინა და ოჯახის წევრების მოსვლამდე ვსაქმიანობდი, მერე დანარჩენებიც მეხმარებოდნენ და ამასობაში ღამდებოდა კიდეც და სხვას ვერაფერს ვასწრებდი.

წლების წინ, დამიდგინეს მკერდის კიბო და მადლობა ღმერთს, რომ პროფესიონალი ექიმების წყალობით დავამარცხე ეს დაავადება. შემდეგ გაჭრილი თითიდან, მწვანილის რეცხვის დროს ბაქტერია შემეჭრა – სტაფილოკოკი პიოგენე, რასაც გასაგებ ენაზე „ხორცის მჭამელ ბაქტერიას“ ეძახიან. სხეული წყლულებით დამეფარა და ვიყავი ძალიან მძიმე მდგომარეობაში. რამდენიმე ხნის განმავლობაში ვიყავი კომაში და საბოლოოდ, თვეების მერე გამოვეწერე კლინიკიდან. ახლა უკვე ყველაფრი უკანაა და ვარ სრულიად ჯანმრთელი.
ამ ავადმყოფობებს არ აღვიქვამ ტრაგედიად. პირიქით, ეს იყო ცხოვრებისეული გამოცდილება. ბევრი რამ გადავაფასე და სხვა თვალით შევხედე. 8 თვის შემდეგ, პირველად რომ ორი ხელით პირი დავიბანე და თმა დავივარცხნე, ეს იყო ენით აღუწერელი ბედნიერება. ადამიანმა საკუთარ თავზე უნდა გადაიტანო ეს ყველაფერი,რომ მიხვდე, რა არის სინამდვილეში ბედნიერება. ბევრი ადამიანი სადღაც, სხვაგან ეძებს ამ ბედნიერებას და ვერ ხვდება, რომ ბედნიერია. ყველა დღე, როცა იღვიძებ და ჯანმრთელი ხარ, ოჯახის წევრები ჯანმრთელად გყავს, არის ღვთის საჩუქარი და დასაფასებელი.

ეს ამბავი იმიტომ მოგიყევით, რომ ავადმყოფობის დროს ტკივილების გასაყუჩებლად და ღრმა ძილში რომ ვყოფილიყავი, ისეთ პრეპარატებს მიკეთებდნენ, რომ გონზე მოსვლის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში ჰალუცინაციები მქონდა და ისეთ ლამაზ რაღაცებს ვხედავდი, რომ ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში ვფიქრობდი, ნეტავ ხატვა ვიცოდე, რომ ეს სილამაზე დავხატო-მეთქი.
ერთი წელია, მე და ჩემი მეუღლე ცალკე გადავედით საცხოვრებლად, ამას დაემატა პანდემია, რის გამოც სამსახურში თითქმის არ დავდივარ და მუდამ მოუცლელი რომ ვიყავი, ახლა იმდენი დრო გამიჩნდა, სად წავიღო, არ ვიცი. მთელი ცხოვრება მქონდა სურვილი, რომ რამე დამეხატა, განსაკუთრებით ავადმყოფობის დროს გამიძლიერდა, მაგრამ მართლა ისეთ ორომტრიალში ვცხოვრობდი, რომ ვერ ვახერხებდი და ეს სურვილი ხანდახან თუ გამკრავდა ხოლმე გულში და მიმავიწყდებოდა.

ამდენი თავისუფალი დრო ავადმყოფობის დროსაც კი არ მქონია. ქიმიოთერაპიიდან გამოსული, დავჯდებოდი ჩემს ველოსიპედზე და პირდაპირ სამუშაოდ მივდიოდი. იმიტომ კი არა, რომ მატერიალურად იყო აუცილებელი. იმიტომ ვიქცეოდი ასე, რომ არ დავრჩენილიყავი ჩემს თავთან მარტო და არ აღმექვა ჩემი თავი უუნაროდ და ავადმყოფად. ახლა, სრულიად ჯანმრთელი აღმოვჩნდი სახლში, უსაქმოდ.
ერთ დღეს ისევ მომიარა ხატვის სურვილმა გადავწყვიტე, მთელი ცხოვრების ოცნება ამესრულებინა. პირველად მარტო წავედი მაღაზიებში და დავათვალიერე საჭირო ნივთები და ხელსაწყოები. აზრზე არ ვიყავი, რა უნდა მეყიდა, რა სჭირდებოდა ხატვას. რომელი საღებავები უნდა გამომეყენებინა, რომელი ფუნჯები. პირველ ჯერზე არაფერი მიყიდია. რამდენიმე დღის შემდეგ მეუღლეს ვთხოვე, მაღაზიაში წავეყვანე საყიდლებზე. გაოცებულმა შემომხედა, მაგრამ უარი არ უთქვამს.

ვიყიდე რაც მჭირდებოდა და იმის შემდეგ ვზივარ და ვხატავ. არც რაიმე ვიდეოსთვის მიყურებია, რომ ტექნიკა მესწავლა არც ლიტერატურისთვის გადამიხედავს. ინტუიციურად ვურევ ფერებს, ინტუიციურად ვიღებ საჭირო ფუნჯს და ვხატავ. ახლა ვაპირებ, რომ გადავავლო თვალი ინტერნეტში განთავსებულ რესურსს და ჩამოვყალიბდე, რა სტილში მინდა ხატვა. მინდა, რომ თვალები დავხუჭო, წარმოვიდგინო, რისი დახატვა მინდა და ისე დავხატო.
ბევრი ადამიანი ამბობს, რომ პანდემიამ ბევრი რამ გადააფასებინა და ალბათ მეც ასევე, რაღაც სიახლე მომიტანა. პანდემიის დამსახურებაა, რომ ჩემი დიდი ხნის ოცნება ავისრულე.

ძალიან მაგარი პროცესია, როცა საღებავებით ტილოზე გადაგაქვს ის, რაც შენს წარმოდგენაში ცოცხლობს. მეკითხებიან, გამოფენას არ აკეთებო? ამაზე მეცინება. არ მიმაჩნია, რომ რაღაც შედევრებს ვქმნი და არც ასეთი თავხედი ვარ, რომ გამოფენის მოწყობაზე მქონდეს ამბიცია. ჩემთვის ვერთობი და ამ ჩაკეტილ სამყაროში დროის გაყვანის საშუალება მოვძებნე. სულ 2-3 თვეა, რაც ფუნჯი ავიღე ხელში და პირველი მონახაზი გავაკეთე. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ეს პროცესი მაბედნიერებს.






















