
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, თუმცა ამას ვირუსის გავრცელებაზე მნიშვნელოვანი გავლენა, ჯერჯერობით, არ მოუხდენია.
ინფექციონისტებს უჭირთ პროგნოზირება, შეაჩერებს თუ არა ასეთი სახის შეზღუდვები ვირუსის გავრცელებას. მათი თქმით, პროცესები ისე ვითარდება, რომ შესაძლოა, ქვეყანაში უფრო მკაცრი ზომები მიიღონ.
რამ მიიყვანა საქართველო ვირუსის გავრცელების საკმაოდ კრიტიკულ ეტაპზე? – ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ასახელებს შეცდომებს, რომლებიც კორონავირუსის მართვის დროს იქნა დაშვებული.
როგორც გოგინავა „პრაიმტაიმნიუსთან“ აცხადებს, ვირუსთან საბრძოლველად სამედიცინო პერსონალი უფრო უნდა მომზადებულიყო და ქვეყანას პანდემიის სამართავად მეტი რესურსი უნდა ჰქონოდა.
„შეიძლებოდა უკეთესი მომზადება კლინიკური სექტორის, უფრო მეტი რესურსის გამოყოფა იმისთვის, რომ უფრო მზად შეხვედრილიყო ქვეყანა ამ ყველაფერს. ნამდვილად უფრო მეტად უნდა მომზადებულიყო სამედიცინო პერსონალი ზაფხულის პერიოდში და მეტი რესურსი უნდა ჰქონოდა ქვეყანას პანდემიის სამართავად, ვგულისხმობ სამედიცინო ინფრასტრუქტურას, თუნდაც ცოცხალ ძალას. არჩევნების გამო, ქვეყანაში დროულად წერტილოვანი შეზღუდვები ვერ ტარდებოდა და ამ ყველაფერის გამო, მივიღეთ ის შედეგი, რაც გვაქვს“,- განაცხადა გოგინავამ.
მისივე თქმით, საქართველო ამჟამად კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფება.
„რა თქმა უნდა, რთულ ვითარებაში ვიმყოფებით. საქართველოსთვის ეს შემთხვევები არის ძალიან ბევრი, ეს ქმნის ძალიან რთულ ვითარებას. ბოლო თვე-ნახევრის დინამიკას თუ გადავხედავთ, ეს მაჩვენებელი მოცემულობა მოსალოდნელი იყო. რეგულაციები ძალაში შევიდა და რა შედეგს გამოიღებს ის, სულ მალე დავინახავთ. მკაცრი შეზღუდვები კეთდება იმიტომ, რომ ვირუსის მაჩვენებელი შემცირდეს”,- განაცხადა გოგინავამ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის რაოდენობა ყოველდღიურად 4 ათასს აჭარბებს. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მეექვსე დღეა, რაც ქვეყანაში მკაცრ შეზღუდვები მოქმედებს.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე






















