
თითქმის ერთი წლის თავზე, რაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქალაქ უჰანში აღმოაჩინეს, ჩინეთი ვირუსის წარმოშობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
სახელმწიფო მედია ინტენსიურად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბოლო დროს კორონავირუსი იმპორტირებული საკვების შეფუთვაზე ხშირად არის აღმოჩენილი.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს კვლევა იმის შესახებ, რომ ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გარეთ არის აღმოჩენილი. მანამდე, სანამ 2019 წლის დეკემბერში ვირუსის პირველი შემთხვევა ქალაქ უჰანში დაფიქსირდებოდა.
გამოცემა People’s Daily-ს ერთ-ერთ Facebook-ის პოსტში მსგავსი რამ ეწერა:
„არსებული მტკიცებულებები მიანიშნებს იმაზე, რომ კორონავირუსის პანდემია ქალაქ უჰანში არ დაწყებულა“.
ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ყოფილი მთავარი ეპიდემიოლოგის, ზენგ გუანგის განცხადებით, კორონავირუსი პირველად უჰანში აღმოაჩნეს, მაგრამ ეს არ იყო ვირუსის წარმოშობის ადგილი.
„ის,რომ ჩინეთმა ვირუსის შემთხვევის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია პირველმა გაავრცელა არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი ჩინეთში წარმოიშვა. ვირუსის წარმოშობის კვლევა ხანგძლივი პროცესია“,- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჩჟაო ლიცზიანმა.























