
29 წლის ქუთაისელი ნათია ჩარიგოგდიშვილი,რომელიც პროფესიით ექიმია, დედებს დახმარებას სთავაზობს. ნათიამ ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში ასეთი შინაარსის ტექსტი დაწერა.
„გამარჯობა. მე ნათია ვარ, 29 წლის.პროფესიით ექიმი. ამჟამად ვიმყოფები დეკრეტულ შვებულებაში და ვარ დიასახლისი. ყველაფერს სახლიდან ვუყურებთ მე და ჩემი შვილები… გული მწყდება, რომ ბევრს ვერაფერს ვაკეთებ სხვებისთვის. საბავშვო ბაღები არ ფუნქციონირებს, ჩემი მეუღლე ემიგრანტია. ბავშვებს მარტო ვზრდი.
აქ მყოფ დედებს, ან თქვენს ნაცნობებს, თუკი გჭირდებათ ექიმთან ვიზიტი, ანალიზების ხანგრძლივ რიგში ყოფნა ან ოჯახის წევრის ჰოსპიტალში წაყვანა და ბავშვებთან ერთად ვერ ახერხებთ ამას, თქვენს შვილებს დავიტოვებ და მოვუვლი ჩემებთან ერთად. რა თქმა უნდა უსასყიდლოდ. 599511400“, – წერს ნათია.
ახალგაზრდა ექიმი „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ გამომდინარე იქედან დედაა და ასევე ექიმიც, რომელიც პატარა შვილებს ვერ ტოვებს და სამსახურში ამ რთული ვითარების დროს ვერ გადის, ასეთი გამოსავალი მოიფიქრა ხალხის დასახმარებლად.
„მეუღლე გერმანიაშია ემიგრანტი, გვყავს სამი შვილი, ჩემი უმცროსი შვილი 4 მარტს გაჩნდა და მამას ამ დრომდე არ უნახავს, მეც იმის გამო რომ ბავშვებს ვერავისთან ვერ ვტოვებ და არც საბავშვო ბაღები არის, სამსახურში ვერ გავდივარ, დეკრეტული გავაგრძელე, სანამ საბავშვო ბაღები არ გაიხსნება ასე მომიწევს სახლში ყოფნა.
ევექსის კლინიკის ემერჯენსში ვმუშაობდი, ამ ეტაპზე ვიცით ალბათ რომ ეს კლინიკა, ცხელების ცენტრია, რომ ვუყურებ და ვხედავ რა სიტუაციაა, როგორც ექიმს ამ ადამიანების დახმარება ფიზიკურად არ შემიძლია, ამიტომ ასეთი რამ გადავწყვიტე, იქნებ ვინმეს დავეხმარო. იქნებ ვინმეს სჭირდებოდეს ბავშვის დატოვება, მოვუვლი სადილსაც უფრო მეტს მოვამზადებ ვიდრე ჩემი შვილებისთვის ვამზადებ, ეზოშიც გავასეირნებ, ყველაფერს გავუკეთებ როგორც საჭიროა.
იყო ერთი ორი კომენტარი ჯგუფში დადებულ ჩემს პოსტზე, ასეთი შინაარსით “ნუთუ არ გეშინია ამ კოვიდის პირობებში და თქვენს შვილებს საფრთხეს არ უქმნითო?“
მე და ჩემმა ოჯახმა კოვიდი უკვე გადავიტანეთ და ეს გადაწყვეტილებაც სრულიად გააზრებულად მივიღე“, – ამბობს ნათია.
ავტორი: მარიამ ქველაძე























