
ბრიტანული გამოცემა The Guardian 2020 წლის 50 საუკეთესო ფილმს აქვეყნებს, რომელშიც ქართულ-შვედური ნამუშევარი, And Then We Danced („და ჩვენ ვიცეკვეთ“) მოხვდა.
გახმაურებული კინოსურათი რჩეული ფილმების სიაში 26-ე ადგილს იკავებს.

„ფილმი ორ მამაკაც მოცეკვავეზე მოგვითხრობს, რომელთა საიდუმლო ურთიერთობაც ტრადიციული ქართული ცეკვის ულტრაკონსერვატიულ სამყაროში ვითარდება“ – წერია გამოცემაში.
ამ შვედურ-ქართული ფილმის რეჟისორს, ლევან აკინს, რომელიც შვედეთში ცხოვრობს, ქართველი მშობლები ჰყავს. ლევანმა იცოდა, რომ ფილმი ხალხის გარკვეული ჯგუფის ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევდა.

„2013 წელს ლგბტქ თემმა გეი-პრაიდის ჩატარება სცადა. მათი რაოდენობა 50 იყო. თუმცა, ამ ხალხს თავს 20 000 დემონსტრანტი დაესხა. ეს მოძრაობა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ იყო ორგანიზებული. სურათი მართლაც სასტიკი იყო. 2016 წელს გადავწყვიტე საქართველოში ჩავსულიყავი და ლგბტქ თემის ვითარების კვლევა დამეწყო. მინდოდა რამე იმედისმომცემი გამეკეთებინა“, – იხსენებს აკინი.
მან ეს ნამდვილად მოახერხა. ფილმს კანის ფესტივალზე დიდი მოწონება ხვდა წილად და ძალიან დადებითი შეფასებები მიიღო. შვედეთმა ის “ოსკარზე” საერთაშორისო საუკეთესო ფილმების კატეგორიაში წარადგინა.
შემოდგომაზე ფილმის პრემიერა საქართველოში დაიგეგმა. სხვადასხვა კონსერვატიულმა ძალამ ღონისძიების ჩაშლა ყველანაირად სცადეს. „ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, ფილმი ქართული ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ იყო მიმართული და სოდომის ცოდვის ტირაჟირებას ახდენდა.
ლევან აკინი: – გაოცებული ვიყავი იმის დანახვით, რომ საქართველო მრავალი თვალსაზრისით ჯერ კიდევ გაყოფილია. რაღაც მხრივ პროგრესულია. რეგიონში ყველაზე წინ წასული ქვეყანაა. ცოტათი გამიკვირდა ამდენი ჰომოფობის არსებობა. ეს იმიტომ ხდება, რომ ლგბტქ თემი საზოგადოებაში თანაბარი უფლებებით არ სარგებლობს. თუ თქვენ ხართ ღია გეი, საქართველოში სამსახურს ვერ მიიღებთ.
![Watch]: And Then We Danced: Director Levan Akin Cannes Interview – Deadline](https://deadline.com/wp-content/uploads/2019/05/saturday-0668-1.jpg?w=681&h=383&crop=1)
ფილმში მთავარი როლის შემსრულებლის, ლევან გელბახიანის ბებიის როლს, თამარ სხირტლაძე თამაშობს. 92 წლის მსახიობი “პრაიმტაიმთან” იხსენებს, როგორ აღმოჩნდა ლევან აკინის სკანდალურ ფილმში.
თამარ სხირტლაძე: – რა როლია-მეთქი, ვიკითხე. ბებიაა, ძალიან უყვარს თავისი შვილიშვილიო. ვიფიქრე, სახლში ვზივარ და ჯანდაბას, მივალ გადაღებაზე-მეთქი. თან მითხრეს, რეჟისორი აქაური არ არის, უცხოელიაო. არც სახელი მიკითხავს, არც გვარი, არც ფილმის შინაარსი, არც მსახიობს რა ერქვა.
გადავიღეთ ჩემი ეპიზოდი. ორი ამხანაგი მოჰყავს. ბებია საუზმეს უმზადებს. ჩაის ვასმევ, კარაქს ვუსვამ პურზე და ვაძალებ, ჭამე, გამხდარი ხარ-მეთქი. პატარა ეპიზოდი იყო, მაგრამ ფილმში ამ პატარა ეპიზოდსაც მნიშვნელობა აქვს.
გამოვიდა ფილმი და ატყდა ამბავი! რეკავენ ჟურნალისტები, როგორ მოხვდით ამ ფილმში, იცოდით რა შინაარსის ფილმი იყოო? შენ შემოგევლე, რა ჰქვია ფილმს და ვინ თამაშობს, არც ის მახსოვს-მეთქი. არც ეს ორი ბიჭი ვიცი, ვინ არიან მეთქი. ეს რომ მცოდნოდა, ასეთი ამბავი მოჰყვებოდა ფილმს, ძალიან დავაკვირდებოდი ამ ბიჭს. დღესაც რომ შემხვდეს, ვერ ვიცნობ.
– და შინაარსი რომ წინასწარ გცოდნოდათ, არ დათანხმდებოდით თამაშზე?
– თუ ყველაფერში უცხოეთს ვბაძავთ, უარესი ფილმებიც გვინახავს. მე ამ ფილმის შინაარსი არ შემხებია. რატომ არ მივიღებდი მონაწილეობას? ეს მხატვრული ფილმია.
მე ეს ფილმი არც მინახავს. ერთხელ გავიდა და დაასამარეს და რევოლუცია მოხდა. არც ვიცი, რა უყვეს ფილმს, სად უნდა მენახა?
60 ფილმში ვარ გადაღებული, მათ შორის, რუსეთში, ბალტიისპირეთში. მაგრამ არასდროს უთქვათ, გაიხადე და ტიტველს გადაგიღებთ, ან სექსის სცენაში გადაგიღებთო. რომანტიკულ როლებს ვთამაშობდი. თამამ როლებზე უარს ვიტყოდი, რა საკვირველია. მერილ სტრიპს აკლია სახელი და დიდება თუ ეროტიკულ ფილმებში არ თამაშობს? ეტყობა, არ დათანხმდებოდა. დიდი პატივისცემით კი სარგებლობს მთელს კინოსამყაროში.






















