23:18 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

სასიხარულო ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიიდან – კიდევ ხუთი განკურნებული

სასიხარულო ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიიდან – კიდევ ხუთი განკურნებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 5 უარყოფითი პასუხი მიიღეს.

 

„პირველი სასიხარულო ამბავი ის მინდა გითხრათ, რომ 2 პაციენტი დღეს კიდევ გავწერეთ. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები. შეიძლება ხვალ ყველა ვერ გავწეროთ, ალბათ რამდენიმე დატოვებს კლინიკას, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მივიღეთ 5 უარყოფითი პასუხი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

მისივე თქმით, ერთ-ერთი გამოჯანმრთელებულის მდგომარეობა მძიმე იყო და არსებობდა რისკი, რომ შემთხვევა ფატალურად დამთავრებულიყო.

 

„ამ გამოჯანმრთელებულებში ერთ-ერთი ძალიან მძიმედ იყო, ძალიან გვეშინოდა, რომ ცუდი პროგნოზით დამთავრდებოდა. ახლაც გვყავს მძიმე პაციენტები, საყურადღებო, დინამიკაში დასაკვირვებელი. მოგეხსენებათ, მაგალითად გრიპის შემთხვევაში, სიმპტომები ყველაფერი ერთად ვლინდება, ამ ვირუსის შემთხვევაში ეს ასე არ არის, იწყება და დინამიკაში თანდათან მატულობს სიმტპომატიკა. შეიძლება ისე დამძიმდეს მსუბუქად დაწყებული პაციენტის მდგომარეობა, რომ ფატალური შედეგიც დადგეს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

როგორც ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოჯანმრთელებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ხვალ დილით იქნება ცნობილი.

 

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელების შესახებ ამ პაციენტების რიცხვი ჯერჯერობით მონაცემთა ბაზაში არ ასახულა.

ავტორი: Prime Time

X