
The Walt Disney Company საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაფორმებული კონტრაქტით, საქართველოში პირველად შემოდის. ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციას „პირველი არხი“ თავად ავრცელებს.
კონტრაქტი „დისნეისთან“ ერთად, სხვა ისეთი ცნობილი კომპანიების მიერ გადაღებული ფილმების მაღალი ხარისხით, ქართულ ენაზე ჩვენებასაც გულისხმობს, როგორებიც არიან: Marvel, 20th Century Studios და Lucasfilm.
გავრცელებული ინფორმაციით, „პირველი არხი“ ფილმებისა და ანიმაციების გახმოვანებაზე მუშაობას მალე დაიწყებს, 2021 წლის იანვრიდან კი, ისინი თავიანთ მაყურებელს ოფიციალურად ლიცენზირებულ პაკეტს შესთავაზებენ. ხელშეკრულების მიხედვით, „პირველი არხი“ 349 ფილმისა და ანიმაციის ჩვენებას, ორი წელი გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ მაყურებელს ფილმების მრავალხმიანი დუბლირებით ნახვის საშუალებასთან ერთად, „დისნეის“ სიმღერების ქართული ვერსიების მოსმენის შესაძლებლობაც მიეცემათ.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი საავტორო უფლებების მიმართულებით არა მხოლოდ ზედმიწევნით იცავს საკანონმდებლო მოთხოვნებს, არამედ ცდილობს, დაამკვიდროს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინტელექტუალური პროდუქციის ოფიციალური ფორმით გავრცელებას. ასევე ბადეში ევროპული, ამერიკული და ქართული პრემიუმ კლასის პროდუქტის განთავსებით ამკვიდრებს სწორედ იმ ღირებულებებს, რაც ქვეყნის და საზოგადოების განვითარების კურსს ასახავს“ – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა – თინათინ ბერძენიშვილმა.
ავტორი: ამუკა ქორიძე






















