
მსოფლიო მედიცინის წამყვანი მეცნიერები პანდემიამ ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა – დადგინდეს მიზეზი, თუ რატომ გადააქვს ზოგიერთ ინფიცირებულს Covid-19 უსიმპტომოდ, ხოლო ზოგს – მძიმედ.
ამ საკითხის შესწავლით დაკავებულები არიან ბრიტანეთშიც, სადაც რეანიმაციაში მყოფი კორონავირუსის დიაგნოზით მოხვედრილი 200 პაციენტის დნმ შეისწავლეს, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ჯანმრთელ და ინფიცირებულ პირებს შორის განსხვავება ზოგიერთ გენშია, მაგ: ინტერფერონის დეფიციტი, აგრესიული უჯრედები და ა.შ.
ამ კვლევის შედეგბზე უცხოური მედია სტატიას აქვეყნებს. როგორც Nature-შია ნათქვამი, აღმოჩენილია გენები, რომლებსაც Covid19-ის სიმპტომების დამძიმებას განაპირობებენ და როგორ უნდა მოხდეს პაციენტების მკურნალობა ახალი მეთოდების შემუშავებით.
ნახეთ ვიდეო ↓ როგორ უნდა მივხვდეთ რამდენად უსაფრთხოა Covid-19-ის ვაქცინა
მკურნალობის მეთოდების დახვეწასა და ახალი ვაქცინების შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს ედინბურგის სამეფო საავადმყოფოს პროფესორი კენეტ ბეილი, რომელიც გენომურ პროექტს ხელმძღვანელობს.
“ვაქცინებმა მკვეთრად უნდა შეამციროს დაინფიცირება, თუმცა ექიმები მთელ მსოფლიოში ალბათ კიდევ ბევრი წელი უმკურნალებენ დაავადებულებს რეანიმაციის განყოფილებებში, ასე რომ, სასწრფოდ უნდა გამოვძებნოთ მკურნალობის ახალი მეთოდები” – ამბობს პროფესორი ბეილი.
აგრესიული უჯრედები
კვლევის პროცესში მეცნიერებმა შეისწავლეს ბრიტანული საავადმყოფოების რეანიმაციული განყოფილებების თითქმის 200 პაციენტის დნმ, მოახდინეს ჯანმრთელი და ინფიცირებული პირების გენომების შედარება და აღმოჩნდა, რომ გენი TYK2 მათ შორის მართლაც განსხვავებულია.
“ეს გენი არის იმ სისტემის ნაწილი, რომელიც იმუნურ უჯრედებს უფრო აგრესიულს ხდის” – განმარტავს პროფესორი ბეილი.
ორგანიზმში ინფერფერონის დეფიციტი
რეანიმაციული განყოფილებების პაციენტებში განსხვავება გენ IFNAR2–ის ვარიაციებიც გამოვლინდა, რომელიც ინტერფერონის გამომუშავებას უზრუნველყოფს. ეს არის ძლიერი ანტივირუსული მოლეკულა, რომელსაც ორგანიზმი ინფექციის პირველივე ნიშნის გამოჩენისას გამოიმუშავებს.

ითვლება, რომ თუ ორგანიზმში ინტერფერონის დეფიციტია, ეს ვირუსის მოქმედებას აძლიერებს. შედეგდა, ვირუსული უჯრედები სწრაფად მრავლდება და დაავადება ძლიერდება. რაც შეეხება ინტერფერონით მკურნალობას, ჯანმო კლინიკური კვლევების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ არ შველის კორონავირუსის განსაკუთრებით მძიმე ფორმით დაავადებულებს.
თუმცა, განსხვავებულად ფიქრობს ნიუ იორკის როკფელერის უნივერსიტეტის პროფესორი ჟან ლორან კაზანოვა, რომელიც ამტკიცებს, რომ ინტერფერონით მკურნალობისას მნიშვნელოვანია მკურნალობის დაწყების დრო.
“ჩემი აზრით, თუ ინტერფერონს დაავადების დაწყებიდან ოთხი დღის განმავლობაში დავნიშნავთ, ინტერფერონი იმუშავებს. იმიტომ, რომ ის ორგანიზმს მიაწვდის მოლეკულებს, რომელთა წარმოქმნაც პაციენტთა ორგანიზმში სათანადოდ ვერ ხდება.” – განმარტავს პროფესორი კაზანოვა.
ეთნიკური უმცირესობები და მათი გენები
მკვლევარ-მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კვლევის არეალი უფრო უნდა გაფართოვდეს და მასში მონაწილეობა იმ ეთნიკურმა უმცირესობებმა უნდა მიიღონ, რომლებშიც მნიშვნელოვნად ჭარბობს ინფიცირებულთა რაოდენობა.
“ჩვენ გვაინტერესებს ყველა პაციენტი, მაგრამ განსაკუთრებით იმ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების კვლევას ვისურვებდით, რომელთა შორის არაპროპორციულად ბევრია მძიმედ დაავადებული. ამასთანავე, სასწრაფოდ უნდა მოიძებნოს დაავადების მკურნალობის ახალი მეთოდები, რადგან შეცდომების დრო არ გვაქვს” – ამბობს პროფესორი ბეილი.






















