
„საქართველოს ბანკზე” თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა ამბობს, რომ არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მის მეორე შვილს, ბიძინა ესებუას საბრძოლო მასალა ჰქონდა.
„ბიძინას საბრძოლო მასალა საიდან ექნებოდა? რაში სჭირდებოდა? მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდა… ამისთვის ეცალა? ძმასთან 25 ნოემბრის შემდეგ არ ჰქონია რამე კონტაქტი და რომც ჰქონოდა, აუცილებლად მეტყოდა.
ავადმყოფი კაცი ვარ, ვნერვიულობ, მკვდარია, ცოცხალია… რომ ენახა ბიძინას, მეტყოდა, აქ არის ნუ გეშინიაო. ჩვენს ოჯახს მასთან კონტაქტი არ აქვს” – ამბობს ტარიელ ესებუა.
მისი თქმით, ბანკზე თავდასხმის მეორე დღეს მისი შვილი სახლში მივიდა და ღამეც გაათენა, დილით კი ზუგდიდის ცენტრში, დეიდასთან მივიდა. ბრალდებულის მამის განცხადებით, ეს მტკიცებულებაა იმისთვის, რომ მისი შვილი დანაშაულთან კავშირში არ არის.
„ამის გამკეთებელი ზუგდიდში გაჩერდებოდა. არ ვიცი რატომ არ ჩნდება ახლა. რაღაცის ეშინია ალბათ, რისი ეშინი არ ვიცი“, – ამბობს ესებუა.
შეგახსენებთ, რომ ბადრი ესებუა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისთვისაა ძებნილი.























