19:57 | 2020-12-22 ავტორი: ამუკა ქორიძე

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორს საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორს საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა

დღეს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ჰანს ჰენრი კლუგეს ვიზიტის ფარგლებში, ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა, საქართველოში Covid-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა და რეკომენდაციები გასცა.

 

 

“საქართველოსთან, როგორც პრიორიტეტულ ქვეყანასთან ვმუშაობთ. სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განვიხილეთ. 2021 წელი COVID-19-ის კიდევ ერთი წელიწადი იქნება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ვაქცინა იმუნორობას უზრუნველყოფს და ასევე, სადღესასწაულო დღეებში მოსახლეობა კვლავ დაიცავს შესაბამისს ზომებს” – განაცხადა ჰანს კლუგემ.

 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პანდემიის პერიოდში მსგავსი ვიზიტი უმნიშვნელოვანესი იყო.

 

“ჰანს კლუგე დეტალურად გაეცნო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, თუ როგორ იმართა კოვიდ პანდემია და ასევე, რა ღონისძიებები არის დაგეგმილი შემდგომი მიმართულებისთვის. მნიშვნელოვანი იყო მისი შეფასებები და რეკომენდაციები, რომლებიც იქნა გაცემული და ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდროდ თანამშრომლობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, როგორც ადგილობრივ, ასევე მის ევროპის ოფისთანაც,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი: ამუკა ქორიძე

X