
31 დეკემბრის ღამეს გამართულ კონცერტს, პანდემიიდან გამომდინარე, მხოლოდ ტელემაყურებელი იხილავს.
სცენის დეკორაცია ისე იქნება მოწყობილი, რომ ერთმანეთთან შეხება მომღერლებსაც არ ექნებათ. კონცერტის რეჟისორები – ბასა ფოცხიშვილი და დავით დოიაშვილი რამდენიმე სართულიანი, აივნებიანი და ტერასებიანი სახლის დადგმას ფიქრობენ. მუსიკალური ნომრები სწორედ აივნებზე, ტერასებზე და ფანჯრებიდან შესრულდება.
პარალელურად, იქნება პირდაპირი ჩართვები სხვადასხვა უბნებიდან, ქალაქებიდან. კონცერტში მონაწილეობას საკუთარი სახლებიდან მიიღებენ ასაკოვანი არტისტები და ისეთი ახალგაზრდა შემსრულებლები, რომლებიც რისკჯგუფში არიან, რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებლები გახლავთ…
კონცერტის ზუსტი ლოკაცია ჯერ ისევ არ არის გადაწყვეტილი, თუმცა ორი სავარაუდო ადგილი, ბასა ფოცხიშვილმა “პრაიმტაიმს” გაუმხილა.
ბასა ფოცხიშვილი: – მალე უნდა გადაწყდეს. ალბათ, უფრო ღონისძიებების სასახლეში ჩატარდება, ავლაბრის ძველი რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც ლამაზი ხედიც არის და დაცულობაც. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი სურვილია ასეთი, რადგან მეორე ვერსიაა ფუნიკულიორი, სადაც ქარის გვეშინია და ორი-სამი გრადუსით ნაკლებია ტემპერატურა, თუ მეტით არა. გვეშინია, რომ ღამით, როდესაც მინუსი იქნება, არ დასკდეს ინსტრუმენტები და ადამიანები არ გავაცივოთ.






















