
წინასაახალწლოდ საკმაოდ დიდი რაოდენობის პურსა და ხილს კახეთში, წნორში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი მარტოხელა თანაქალაქელებზე უფასოდ დაარიგებს. ამის შესახებ გურამ ქურხულიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმტაიმი” უცვლელად გთავაზობთ.
ის იმედს გამოთქვამს, რომ მის ინიციატივას სხვებიც მხარს დაუჭერენ, რადგან სჯერა, რომ სიკეთე გადამდებია. გურამ ქურხულიშვილი შეჭირვებულებს პირველად არ ეხმარება. მართალია, მას დავუკავშირდით, მაგრამ ინტერვიუზე უარი განაცხადა, სასაუბრო არაფერია, რაც შემიძლია იმას ვაკეთებდი და ახლაც ვაკეთებ ჩემი თანაქალაქელებისთვისო, აღნიშნა.

„მოგესალმებით მეგობრებო. არასოდეს გამოვირჩევი ესეთი პოსტებით, მაგრამ მინდა დავწერო ერთადერთი მიზნით, რომ სიკეთე გადამდებია და მინდა სხვებიც ავიყოლიო…
ამ ახალ წელს განსაკუთრებით რთულად ხვდება ჩვენი ქვეყანა და ამ პანდემიამ უარესად დაატყო კვალი გაჭირვებულ მოსახლეობას. მინდა, მოკრძალებული წვლილი შევიტანო და შესაძლებისდაგვარად შევეშველო ჩემი ქალაქის გაჭირვებულ მარტოხელა ადამიანებს.
30 დეკემბერს, ოთხშაბათს 15-დან 18 საათამდე ჩემს მაღაზიასთან დავარიგებთ 200 პურს, 100 კგ. მანდარინს და 100 კგ. ვაშლს გაჭირვებულებზე და ვისაც არ შეუძლია მოსვლა, მოგიტანთ სახლში…” – წერს გურამ ქურხულიშვილი.






















