16:03 | 2020-12-30 ავტორი: Prime Time

“სემინარიაში რომ სწავლობდნენ, მაშინ რექტორი ვიყავი და არ მახსოვს მათი კრიტიკული შენიშვნები” – მეუფე იოანე კრიტიკოსებზე

“სემინარიაში რომ სწავლობდნენ, მაშინ რექტორი ვიყავი და არ მახსოვს მათი კრიტიკული შენიშვნები” – მეუფე იოანე კრიტიკოსებზე

უფალს უგონ პასუხი სიძულვილსა და ცილისწამებაზე, – ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იაონე ეპარქიის ოფიციალური “ფეისბუქ” გვერდის საშუალებით განცხადებას ავრცელებს.

 

მეუფე თეოლოგებს პასუხობს, რომელთაც მისი ერთ-ერთი ქადაგება გააკრიტიკეს და ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს.

 

“დღიდან ჩემი დანიშვნისა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად, რამდენიმე სატელევიზიო არხმა ან ცალკეულმა პიროვნებებმა მრავალგზის სცადეს ჩემი დისკრედიტაცია. უცნაურია ის, რომ არაკომპეტენტური ადამიანები ერევიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და წმინდა სინოდის კომპეტენციის საკითხებში. თავიდან ცილს მწამებდნენ პრორუსულ პოლიტიკურ ორიენტაციაში. ერთხელ კომიკური სიტუაციაც კი შეიქმნა: ახალბედა ჟურნალისტმა მიღებული ინსტრუქციის თანახმად, მკითხა, კაბინეტში რატომ მაქვს რუსეთის სახელმწიფო დროშა. პასუხად მრევლის გულიანი სიცილი რომ მიიღო, თავი უხერხულად იგრძნო. რუსეთის პრეზიდენტის ვ. პუტინის ქართველი ერის მიმართ არაკორექტული რეპლიკის გამო ჩემი კრიტიკული საპასუხო წერილის ერთ-ერთ რუსულ საინფორმაციო არხზე გამოქვეყნების შემდეგ ჩემზე შემოტევის მიმართულებები ოდნავ შეიცვალა. 2020 წლის გაზაფხულზე ვირუსის გავრცელების გამო გაჩენილი პანიკური შიშისგან განთავისუფლების მიზნით მრევლის მიმართ ჩემი გამამხნევებელი სიტყვა ერთ-ერთმა „კრიტიკოსმა“ ისე შეაფასა, რომ კაცისმკვლელი მიწოდა. პანდემიამ მაშინ იოლად გადაიარა. „ეკლესიის კლასტერი“ არ გაჩენილა და თემამ დაკარგა აქტუალობა. ამის შემდეგ დაიწყო სერია კითხვებისა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩემს კომპეტენციას სცილდება. ჩემმა შესაბამისმა პასუხებმა ვერ დააკმაყოფილა მათი ინტერესები.

 

ამჟამად ახალ შემოტევას აქვს ადგილი, რასაც შეიძლება პოლიტიკური ტერმინი – „ორკესტრირებული თავდასხმა“ ვუწოდო. ჯერ ფლეიტის ხმა გაისმა, მას ბანი კონტრაბასმა მისცა, ბოლოს როიალის მრავალფეროვნება ჩაერთო და ლაიტმოტივი გადაამღერეს პატარა „სკრიპკებმა“; დირიჟორი რატომღაც არ ჩანს. თავდასხმას „ნიურნბერგის პროცესის“ ტოლფასი შეფასება მიეცა. ამჯერად ანტისემიტიზმიც დამაბრალეს და მსოფლიო მასშტაბამდე გააბუქეს. საბაბი გახდა ჩემი სიტყვა წმ. ამბროსი მედიოლანელის ხსენებასთან დაკავშირებით. მისი პიროვნების, როგორც სახელმწიფო მოხელის და შემდეგ ეპისკოპოსის, შეფასების მიზნით გავიხსენე რამდენიმე ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, თუ როგორ განმუხტავდა იგი კონფლიქტურ სიტუაციებს. მან კარგად იცოდა, რომ კონფლიქტის ორივე მხარეს ჰქონდა თავისი სიმართლე და თავისი დანაშაული. თუ ორივე მხარე აღიარებდა თავის წილ დანაშაულს, მათი შერიგება გაადვილდებოდა. კონფლიქტი მოხდა იუდაურ თემსა და ქრისტიანებს შორის. ეს არ იყო ეთნიკური ხასიათის კონფლიქტი, მას რელიგიური ელფერი ჰქონდა, მაგრამ თავიდათავი ვერრეალიზებულ ამბიციაზე გამრავლებული ისტორიული მეხსიერების მენტალობა იყო. პირველი კონფლიქტი ადამიდან დაიწყო. შემდეგ კაენმა ვითომ შელახული ამბიციის გამო ძმა მოკლა და ბოროტების ესკალაცია დღემდე გრძელდება. შეიძლება პარალელი გავავლოთ თეთრკანიანების მიმართ ზოგიერთი აფროამერიკელის აგრესიასთან, როგორც ოდესღაც დაშვებული უსამართლობის განცდის რეანიმაციასთან. ერთი მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება მეორის პროტესტს გამოიწვევდა, ამიტომ წმ. ამბროსიმ აღიარა ქრისტიანთა აგრესიული ქმედების შედეგი, მაგრამ იუდაური თემის წარმომადგენლებს გაახსენა, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე, როდესაც ქრისტიანები დევნას განიცდიდნენ, მათი მხრიდან იყო ნეგატიური ქმედებები ქრიატიანების მიმართ და ამით განმუხტა დაძაბულობა.

 

ბატონი ვასილ კობახიძე სამხილებელ სიტყვაში აღიარებს ამ ფაქტის არსებობას, მაგრამ მიაჩნია, რომ მე არასწორი ინტერპრეტაცია გავაკეთე. სწორი ინტერპრეტაცია მას არ წარმოუდგენია, სამაგიეროდ, ფაშისტი მიწოდა. იმავე ხერხს მიმართა ბატონმა ბექა მინდიაშვილმა, მიიჩნია, რომ ზოგიერთი ჩემ მიერ მოყვანილი ფაქტი არ არის სწორი, თუმცა რა იყო არასწორი, არ დაასახელა, სამაგიეროდ, განაზოგადა ქრისტიანების მხრიდან ებრაელთა დევნა. სად? არ მიუთითა. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ეს არ მომხდარა. ეს ავტორები კონკრეტულ ფაქტებს და არგუმენტებს გაურბიან, რაც დამახასიათებელია დემაგოგიური პროპაგანდისთვის.
ტერმინ „ანტისემიტიზმის“ ხმარება არასწორად მიმაჩნია, რადგან სემიტები, როგორც ნოეს შვილის სემის შთამომავლობა, მრავალ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ და ეს წოდება მარტო ებრაელებს არ ეკუთვნის, არც ტერმინი „სიონისტები“ მოიცავს ყველა ებრაელს. ეს კერძო პოლიტიკური მიმდინარეობაა.

 

როდესაც ვ. კობახიძე სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში, მე რექტორი ვიყავი და ვასწავლიდი ძველი და ახალი აღთქმის წმინდა წერილს. მაშინ იგი კრიტიკულ შენიშვნებს არ მაძლევდა. ეხლა კი ის მახსენებს, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მოციქულები ებრაელები იყვნენ. მე დავუმატებ, რომ უდიდესი მოძღვარი და წინამძღოლი ღვთის ერისა დღესაც მოსე წინასწარმეტყველია. ღმერთმა მას გამოუცხადა და მისგან გავიგეთ სამყაროს შექმნის საიდუმლო, ადამიანის წარმომავლობა და მისია. ებრაელი ერის მამამთავრების ხსენება მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის შობის დღესასწაულამდე ორი კვირით ადრე კვირა დღეს ხდება. აბრაამს, ისააკს და იაკობს ეკლესიაში სხვა დროსაც ვიხსენებთ და ვითხოვთ, რომ ღმერთმა მორწმუნეს განუსვენოს „წიაღსა შინა აბრაამისა და ისააკისა და იაკობისა“. ჩვენ ისიც ვიცით, რომ იაკობმა გარდაცვალების წინ აკურთხა თავისი შვილები და მათ შორის იუდას აუწყა, რომ მისგან იქნებოდნენ მეფეები და როცა შეწყდებოდა მეფეთა რიგი, მის მოდგმაში მოვიდოდა მხსნელი, ხოლო დანის ტომში დაიბადებოდა ანტიქრისტე.

 

ჩემთვის სულიერი ცხოვრების გზაზე დიდი მასწავლებელია წმ. მეფე დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნი და მისი შვილის მეფე სოლომონის ეკლესიასტე (კოჰელეთ); წინასწარმეტყველმა დანიელმა ღვთისგან მიიღო უწყება ამქვეყნად ქრისტეს მოსვლის ჟამზე. ვიზიარებ წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვებს მესია-ქრისტეზე: „მან ცოდვანი ჩვენნი იტვირთა და უსჯულოებანი ჩვენნი თავს-იდვა“ (ეს.53,4), ხოლო დავითი ამბობს: „განხვრიტნეს ხელნი ჩემნი და ფერხნი ჩემნი… განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“ (ფს.21,17-19). ასევე ძვირფასია ესაიას სიტყვა ღვთისმშობელზე: „აჰა, ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუელ (ჩვენ თანა ღმერთი) (ეს.7,14). ხოლო მეფე დავითი ამბობს: „დადგა დედოფალი მარჯვენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკული და შემოსილი… მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი შემდგომად მისსა“ (ფს.44,10; 15). ჩვენ წმინდა წერილიდან ისიც ვიცით, როგორ დრტვინავდა ხალხი უდაბნოში მოსე წინასწარმეტყველზე; რის გამო ჰქონდა ბრძოლა ისრაელის თერთმეტ ტომს ბენიამინის ტომთან… ყველა ერის ისტორიაში არის დადებითი და უარყოფითი მოვლენები: დადებითი – გასამხნევებლად, უარყოფითი – გამოსაფხიზლებლად. განა საქართველოს ისტორიაშიც არ იყო ასე?! ვიღაც აშენებდა ტაძრებს, ვიღაც კი ანგრევდა. წმ. ილია მართალმა თუ ამხილა ქართველთა მანკიერებები: „ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?“ – ილიას სძულდა ქართველები? თუ გული შესტკიოდა? განა პავლე მოციქული არ ამბობს: მზად ვარ დავიღუპო, თუ ჩემი ერი გადარჩება.

 

ბ. მინდიაშვილი როდესაც სემინარია-აკადემიაში სწავლობდა, მე ამ სასწავლებლის ხელმძღვანელი ვიყავი; მაშინ ხშირად მხედავდა და ისმენდა ჩემს სიტყვას, მაგრამ არ გავუკრიტიკებივარ, ეხლა როდესაც შორს არის, რას ხედავს? შორიდან უფრო კარგად ჩანს? ჩემს „ფაქტობრივ უზუსტობაზე“ არაფერს ამბობს და ზოგადად ქრისტიანობის უარყოფით შეფასებაზე გადადის, თუმცა კარგად იცის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი ღვთისმსახურება ფსალმუნის სიტყვებით არის გაჯერებული, საცისკრო კანონის სძლისპირებში ხდება გახსენება ებრაელი ერის საღმრთო ისტორიისა – ეგვიპტიდან გამოსვლიდან ბაბილონში სამი ყრმის სასწაულამდე. სადღესასწაულო მწუხრის მსახურებაზე ყოველთვის იკითხება ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიტყვები. ასეთი ღრმა კავშირი აქვს ქრისტიანულ მართლმადიდებელ ეკლესიას ებრაელი ერის საღმრთო ისტორიასთან და როგორ აბრალებს ბ. მინდიაშვილი სიძულვილს? როგორც ჩანს, მას თვითონ აქვს ეკლესიის მიმართ სიძულვილი. „თქვა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი, განირყუნნეს და ბილწ იქმნენ იგინი უსჯულოებითა“ (ფს.13,1; 52,2). სიძულვილით დაბინდული გონება ვერ განასხვავებს ეთნიკურ კუთვნილებას ცალკეული ადამიანის მენტალობისგან.
რისი დანახვაც უნდოდათ ჩემს ქადაგებაში, ვერ ნახეს და ეს სიცარიელე დემაგოგიური ფრაზეოლოგიით აავსეს, რაშიც მათი მიზანდასახულობა ჩანს.
უფალს უგონ პასუხი სიძულვილსა და ცილისწამებაზე”, – წერს მეუფე იოანე.

 

საუბარია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის  მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის 20 დეკემბერის ქადაგებაზე ბაგრატის ტაძარში, რომელიც წმ. ამბროსი მედიოლანელის ხსენების დღეს ეხებოდა.

 

„ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებაში იყო ასეთი შემთხვევა, რომ მოხდა დაპირისპირება იუდეველთა თემის ქრისტიანებთან. ქრისტიანები უფრო მეტნი იყვნენ რიცხვით. დაპირისპირება გადავიდა ძალადობაში და ძალადობის შედეგი იყო, რომ ქრისტიანებმა სძლიეს იუდეველთა თემს  და მათი სინაგოგა დაანგრიეს.

 

აღშფოთდა ხელისუფლება, იჩივლეს, აგვიშენონ ახლაო.. ქალაქში ცოტანი იყვნენ, მაგრამ მსოფლიოში ცოტანი არ არიან. გავლენაც აქვთ მეფის კარზე ყოველთვის, ახლაც.  ქრისტიანები არ თანხმდებოდნენ, მაშინ მმართველმა შეუთვალა ამბროსის, უნდა გადაიხადოთო. მან უპასუხა, რომ ქრისტეს ჯვარმცელთ და ქრისტიანთა მდევნელთ ქრისტიანებმა სალოცავი… როგორ უნდა ავუშენოთო. ნუ, ისინიც მოქალაქეები არიან და აქვთ უფლება და დღევანელი ნორმებით, უფლებები აქვთ.

 

ამბროსი ხომ ყოფილი სახელმწიფო მოხელე იყო და მან შეუთვალა, კარგიო. მაგრამ მათ ჯერ გადაიხადონ საუკუნეების მანძილზე მათი დასმენით, ცილისწამებით.. ამდენი ქრისტიანი აწამესო, რამდენი ქრისტიანთა სალოცავები დაანგრიეს და რამდენჯერო – აი, ამ ყველაფერს რომ გადაიხდიან,  მერე ჩვენ თანხას მივცემთ სინაგოგის აშენებისთვისო.

 

მიხვდნენ, რომ ეს თანხა ისეთია, რომ ვერ გადაიხდიან. უდანაშაულოთა სისხლის ფასი არის, რომ გადაიხადო?! რამდენი აწამეს, მათი ცილისწამებით, ბრალდებით, დასმენით. რამდენჯერ მათ, სანამ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა ქრისტიანობა – ძალადობდნენ ქრისტიანებზე. და მაშინ მმართველმა დაიბარა თემის… და უთხრა – პასუხი ასეთიაო – თქვენ იმ საუკუნეების, ნუ, ერთი-ორი საუკუნე მაინც, გადაიხადეთო და ისინი გადაგიხდიან იქიდანო. და უარი თქვეს, ჩვენ თვითონ ავაშენებთ სინაგოგასო.

 

დღესაც, როდესაც ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ, უცნაურია, ეკლესიის ლანძღვის და ცილისწამების უფლება არის, რომ სიტყვის თავისუფლება.. როდესაც ჩვენ გვინდა, რომ გავაკრიტიკოთ ეს ქმედება, გვეუბნებიან, რომ იცით, მათ ჰქონდათ უფლება. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ჩვენი აზრი ვთქვათ? ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ეს ეთნიკური საზღვრით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა, ეკლესიის წინააღმდეგ. თუმცა ეკლესიიდგან სიკეთის მეტი არაფერი მიუღიათ“, – აცხადებს ის.

ავტორი: Prime Time

X