
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულ სოფელ კაბალში, ავტომანქანებში განთავსებული რუპორებით, აზერბაიჯანულ ენაზე, ახალი კორონავირუსის შესახებ, მოსახლეობის ინფორმირება მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, კახა ჯამბურიას ინფორმაციით, სოფელ კაბალში მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება რას წარმოადგენს ახალი კორონავირუსი.
„აზერბაიჯანულ ენაზე, სპეციალურ ავტომანქანებში მოწყობილი ხმოვანი საშუალებებით, მოსახლეობას ვატყობინებთ, ახალი ვირუსისა და მისგან თავის დაცვის მეთოდების შესახებ. ამავდროულად, ვმუშაობთ მოსაძიებლად, ჰქონდათ თუ არა, კონტაქტი მარნეულთან, ან ბოლნისთან“,- განაცხადა ჯამბურიამ.
მოსახლეობის ინფორმირების ღონისძიებებზე, მერის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრები და სამართალდამცავები მუშაობენ.
სოფელში დაკეტილია მეჩეთი და მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, არ გაიმართა ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული.
უახლოეს დღეებში, ახალი კორონავირუსის თაობაზე ინფორმაციის შემცველი ბუკლეტებიც დამზადდება, რომელებიც ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგდება.
21 მარტს ერთ-ერთ მარნეულელ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ცნობილია იგი სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებოდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა.
23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულია 54 ადამიანი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















