
„კომპანია „თელასი” დადგენილ წესს არღვევს და 30-ე დღის ნაცვლად, მოქალაქეების მიერ დახარჯულ ელექტროენერგიის ანათვალს 32-ე ან 33-ე დღეს იღებს“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს და კომპანია „თელასთან“ მიმოწერას ასაჯაროებს.
„წინასაახალწლო დღეების ელექტრო დანახარჯების ჩვენს ქვითრებში ასახვისთვის გაზრდილი მოხმარების საჩვენებლად ჩვენმა საყვარელმა და მოსახლეობაზე „მზრუნველმა” კომპანია „თელასმა” თაღლითობის სქემა დადგა… (ტარიფის გაზრდას რომ მიაღწიეს ეს არ ეყოთ). გადაწყვიტეს 30 კალენადარული დღის დანახარჯის ნაცვლად ანათვალი აეღოთ 33 დღის… შედეგად, ვინც აქამდე სუბსიდირებაში ხვდებოდა, ახლა ვეღარ მოხვდება, რადგან ასე 200 კვტ.სთ-ს გადასცდებიან…

კომპანია „შეცდომას” აღიარებს (ფოტო 2) და ახლა გვაბოლებენ, რომ საშუალოს გამოვიყვანთო და იმას გავამრავლებთ 30 დღეზეო, რაც ასევე არ არის სამართლიანი, რადგან იქნებ ადამიანმა ბოლო 3 დღე აცხო, აკეთა საახალწლო სუფრა და მეტი მოიხმარა… რაც იანვრის მოხმარებას მიეთვლებიდა და 30 დღეს” – წერს მომხმარებელი.

რაც შეეხება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, უწყებაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებმა მსგავსი სახის გაურკვევლობის შემთხვევაში საკითხის შესასწავლად დაუყოვნებლივ მიმართონ კომისიას.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) მომართა არაერთმა მოქალაქემ იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ისარგებლეს კომუნალური სუბსიდიით, გამანაწილებელი კომპანიების მიერ მრიცხველების ვადაგადაცილებით წაკითხვის გამო. კერძოდ, კომპანიებმა მრიცხველებზე ანათვალი აიღეს არა 30-ე დღეს, როგორც ითვალისწინებს სემეკის მიერ დადგენილი რეგულაციები, არამედ 32-ე და 33-ე დღეებზე.
კომისიამ გამანაწილებელ კომპანიებს განუმარტა აღნიშნული დარღვევის შესახებ და დაავალდებულა მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევით აღებული მრიცხველის ჩვენებების გასწორება, ასევე მომდევნო პერიოდში მრიცხველების წაკითხვა თვეში ერთხელ, წაკითხვის თარიღის დაცვით.
კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი სახის გაურკვევლობის შემთხვევაში საკითხის შესასწავლად დაუყოვნებლივ მომართონ კომისიას.
მთავრობის კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტ.სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას, სახელწიფო დაუფარავს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის ელექტროენერგიის, წყალმომარაგების (როგორც გამრიცხველიანებულ, ასევე უმრიცხველო აბონენტებს) და დასუფთავების გადასახადებს. ასევე, ამ თვეებში გაზის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს.” – აცხადებენ უწყებაში.






















