20:27 | 2021-01-12 ავტორი: თამარ ბუჩუკური

დედამ ჩვენი მესამე და დაახრჩო და მამამ ამ უბედურებას ვეღარ გაუძლო – დების საბედისწერო ისტორია

დედამ ჩვენი მესამე და დაახრჩო და მამამ ამ უბედურებას ვეღარ გაუძლო – დების საბედისწერო ისტორია

იზო გაგნიძე გმირია, რომელსაც საზოგადოება უნდა იცნობდეს. მართალია, მისი სახელი და გვარი ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ მის კეთილ საქმეს, ცხოვრების წესსა და კეთილშობილებაზე დარწმუნებული ვარ, ბევრი ალაპარაკდება, ბევრი თანამოაზრეც გაუჩნდება და მისი სიკეთეც გადამდები აღმოჩნდება…

 

საქმე ორ პატარა გოგოს, 17 და 16 წლის ბავშვებს ეხება. მიუხედავად არც თუ ისე დიდი ასაკისა, გოგონებს ცხოვრებამ პატარაობაშივე მძიმე ტვირთი აკიდა, რომელსაც მხრებით მარტო ზიდავდნენ, სანამ მათ ცხოვრებაში მზრუნველი და თბილი ქალბატონი არ გამოჩნდა…

 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მათ მესამე დედმამიშვილიც ჰყავდათ, რომელიც სამწუხაროდ, დაიღუპა. ჩვილის დახრჩობის ფაქტზე სამართალდამცველებმა დედა დააკავეს და ის წლები ციხის საკანში იჯდა… მალევე გოგონებს მამა დაეღუპათ.

 

ობლებზე ბებია ზრუნავდა, რომელიც 3 წლის წინ გარდაიცვალა. პატარები შშმ ბიძის იმედად დარჩნენ… რამდენიმე თვის წინ, ბიძა შეუძლოდ გახდა და ის ახლაც კლინიკაში იმყოფება.

 

სრულიად მარტო დარჩენილი გოგონების ბედზე, სოფელში ერთ-ერთი მათგანის ნათლია დედასთან ერთად ჩავიდა და როგორც კი მომხდარი გაიგეს, გოგონები თავიანთ სახლში წაიყვანეს. მაშინ გაიგეს, რომ პატარები სკოლაშიც კი არ დადიოდნენ. მათზე პასუხისმგებლობა ნათლიის დედამ აიღო. ახლა ეს ქალბატონი, იზო გაგნიძე ამ გოგონების “დეიდა ნატოა” და თავად არც თუ ისე დალხენილი, ლუკმას და სითბოს უნაწილებს. მას “პრაიმტაიმი” ესაუბრა.

 

ჩვენ გოგონების და მათი მშობლების სახელებსა და გვარებს გასაგები მიზეზების გამო არ ვაკონკრეტებთ. 

 

“როცა პანდემია დაიწყო, ტყიბულის რაიონში, სოფელ ძმუისში მოხუც დედასთან ჩემს ქალიშვილთან ერთად ჩავედი. გავიგე, რომ ჩემი გოგოს ნათლული და მისი და სრულიად მარტო იყვნენ სახლში დარჩენილები. ისინი 17 და 16 წლისანი არიან. რა თქმა უნდა, გულმა ვერ მომითმინა, გოგონები მოვინახულე და ჩემთან წამოვიყვანე. მას შემდეგ, რაც დედამისი მესამე ბავშვის დაღუპვის გამო დააპატიმრეს და მამაც დაკარგეს, ბებია და შშმ ბიძა ზრდიდნენ.

 

სამწუხაროდ, ბებიაც დაეღუპათ და ბიძას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, ის ახლაც კლინიკაშია და მასაც ვუვლი… ბავშვებს უთქვამთ, რომ დედამ ჩვენი მესამე და დაახრჩო და მამამ ამ უბედურებას ვეღარ გაუძლოო… არ ვიცი დაზუსტებით რა მოხდა, მაგრამ როგორც ამბობენ, ძუძუთი კვების დროს დაიხრჩოო…

 

გოგოები სახლში წამოვიყვანე და ვცდილობ, არაფერი მოვაკლო. რთულია ეს ყველაფერი, რადგან მათი აღზრდა თავიდან დავიწყე, ვასწავლი ქცევის წესებს, სახლის საქმეებს, თავის მოვლას, უმცროსი გოგო სკოლაში აღვადგინე და სწავლობს. უფროსმა კი არ ისურვა…

 

მატერიალურად თავზე არ გადამდის, მოგეხსენებათ ამ კრიზისის პირობებში ყველას გაუჭირდა და მათ შორის ჩვენც ვართ. გოგოებს ფეხსაცმელიც კი არ აქვთ. პატარა ჩანთაც კი არ იყო საჭირო, სადაც მათ ნივთებს შევაგროვებდი და წამოვუღებდი. არაფერი გააჩნიათ, არც ტანსაცმელი და არც ფეხსაცმელი, არც ჰიგიენის საშუალებები. საჭმელს ვაჭმევ, არც სითბოს ვაკლებ – შეშაზე ტყეში დავდივარ და ვაგროვებ ჩამომტვრეულ ტოტებს.

 

ძალიან მინდა, რომ საზოგადოება ამ გოგოებს გვერდში დაუდგნენ და ვისაც აქვს შესაძლებლობა დაეხმარონ. სანამ გზაზე დავაყენებ და ვასწავლი კარგისა და ცუდის გარჩევას, არც მინდა შეცდნენ, ხელი რამისკენ წაუცდეთ. იმდენი რამ აკლიათ, არ მინდა ცუდი ქცევისკენ ვუბიძგო. მე რაც მაქვს, ღმერთია მოწამე, არაფერს ვინანებ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩემს შემოსავალს საჭმელზე და გადასახადებზე ვანაწილებ. სხვა ნივთები, რაც მათ თანატოლებს აქვთ და უბრალოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მათ უზრუნველსაყოფად, უბრალოდ თანხა არ მრჩება…

 

მათ დედა ვუპოვეთ და დავაკავშირეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, დაავადმყოფებულა და გოგოებზე ის ვერ ზრუნავს. ასე ღია ცის ქვეშ, მარტოდ, ბედის ანაბარა ვერ დავტოვებდი ბავშვებს, ამიტომ მახელა პასუხისმგებლობა ავიღე, თუ ჩემს შვილებს ოდესმე რამე გაუჭირდებათ, მინდა ჩემი პირნათელი ცხოვრება მათ დაეხმაროს სირთულეების დაძლევაში. თუ ვინმე ჩვენი უკვე დიდი ოჯახის ბედით დაინტერესდება და ამ ობოლ გოგოებს დაეხმარება, ძალიან გამახარებს…” – ამბობს იზო გაგნიძე.

 

P.S. ვისაც გაქვთ სურვილი, გოგონებს და მათ აღმზრდელ ოჯახს დახმარება გაუწიოთ, დაუკავშირდით ამ ნომერზე:

595 76 80 98 

 

სტატიაში გამოყენებული ფოტოსურათი პირობითია. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X